კუტალიას ახალი გამოწვევა - ქართველი ფორვარდი ებრაულ კლუბში
Aa
Aa

კუტალიას ახალი გამოწვევა - ქართველი ფორვარდი ებრაულ კლუბში

CrystalSport-ის ცნობით 2019 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ლევან კუტალია კარიერას ისრაელის ჩემპიონატში გააგრძელებს. 30 წლის თავდამსხმელი თელ-ავივის ''ჰაპოელთან'' კონტრაქტს 1+1 სისტემით გააფორმებს.

ლევან კუტალიას ახალმა გუნდმა 2019-20 წლების სეზონის ისრაელის ელიტარულ ჩემპიონატში მეხუთე ადგილი დაიკავა. გუნდის ყველაზე გამოცდილი და ცნობილი ფეხბურთელი ომერ დამარია, რომელსაც გერმანულ ''ლაიფციგსა'' და ავსტრიულ ''ზალცბურგში'' უთამაშია. გარდა ამისა, ისრაელის ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ 20 მატჩში 9 გოლი შეაგდო.

თელ-ავივის ''ჰაპოელი'' ისრაელის 14-გზის ჩემპიონია. ამ მაჩვენებლით მხოლოდ თელ-ავივის ''მაქაბის'' ჩამორჩება, რომელიც პირველ ადგილზე 23-ჯერ გავიდა.

მიმდინარე წლის დასაწყისში ლევან კუტალია ყაზახურ ''ირტიშს'' შეუერთდა, ყაზახური გუნდის მაისურით პრემიერ ლიგაში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა, შემდეგ კორონავირუსის პანდემიის გამო სეზონი შეჩერდა, რასაც კლუბის ფინანსური პრობლემები მოჰყვა, ''ირტიშმა'' პრემიერ ლიგაში გამოსვლა შეწყვიტა და ქართველმა გუნდი დატოვა.

ყაზახეთის ჩემპიონატის გარდა კუტალიას ბოსნიაში უთამაშია. კარიერის დასაწყისში სარაევოს ''სლავიასა'' და მოსტარის ''ზრინსკის'' ღირსებას იცავდა. მას საქართველოს ჩემპიონატში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, საუკეთესო პერიოდები ქუთაისის ''ტორპედოსა'' და თბილისის ''დინამოში'' გაატარა.

შეგახსენებთ, 2019 წლის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ლევან კუტალიამ თბილისის ''დინამოს'' მაისურით 20 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები