გომელსკი: ''შენგელიამ ცსკა-სთან კონტრაქტი გააფორმა, თუმცა სირთულეები არსებობდა''
Aa
Aa

გომელსკი: ''შენგელიამ ცსკა-სთან კონტრაქტი გააფორმა, თუმცა სირთულეები არსებობდა''

ცნობილი რუსი კომენტატორის, ვლადიმირ გომელსკის თქმით თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან კონტრაქტი გააფორმა. რუსულ მედიაში გომელსკის კომენტარი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით ესპანეთის ჩემპიონმა რუსეთის არმიულ კლუბთან სიტყვიერი შეთანხმების გარდა ფორმალური საკითხიც მოაგვარა.

გომელსკი: ''ზოგჯერ მოლაპარაკების დროს მოთამაშესა და კლუბს შორის სიძნელეები წარმოიშვება ხოლმე. არ ვიცი შენგელიასა და ცსკა-ს შორის რა სახის სირთულეები არსებობდა. თბილისში მყოფ ჩემს მეგობრებს ვესაუბრე. მათი თქმით შენგელიამ ცსკა-სთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, თუმცა ჯერჯერობით თბილისში რჩება.''

შეგახსენებთ, გასული თვის მიწურულს რუსული Match TV-ის მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით ''ბასკონიას'' ქართველი კალათბურთელი კარიერას მოსკოვის ცსკა-ში გააგრძელებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეს ბასკურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, თუმცა რუსული კლუბი 1,5 მილიონ ევროს გადაიხდის და ევროპაში მოთამაშეებიდან ერთ-ერთ საუკეთესოს გადაიბირებს.

თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში, 69-67 იმარჯვა.

შენგელიამ ვიტორიელთა გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 33 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა და აქტივში 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და ამდენივე ჩაჭრა ჩაიწერა. თოკო თავის გუნდში მხოლოდ ლუკა ვილდოსას ჩამორჩა, რომელმაც 17 ქულა გაიფორმა და შეხვედრის MVP გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები