რივალდო: „ბარსელონა ყოველთვის მესის მაგიის იმედზე ვერ იქნება“
Aa
Aa

რივალდო: „ბარსელონა ყოველთვის მესის მაგიის იმედზე ვერ იქნება“

„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რივალდომ „ბლაუგრანაში“ შექმნილი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. ლეგენდარული ბრაზილიელი ლიონელ მესისა და ანტუან გრიზმანის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ „ბარსას“ პრობლემები აშკარაა.

„ბარსელონა ყოველთვის მესის მაგიის იმედზე ვერ იქნება. ლეომ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა, რაც ნამდვილად საოცარი მიღწევაა და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ის ფანტასტიკური ფეხბურთელია, რომელიც თავისი თამაშით გულშემატკივრებს ახარებს, მაგრამ მხოლოდ მესი წარმატების მისაღწევად საკმარისი არაა.

ატლეტიკოს წინააღმდეგ დახურულ კარს მიღმა თამაშმა ბარსელონაზე უარყოფითად იმოქმედა, რადგან სტუმრებს კამპ ნოუს არასტუმართმოყვარე ატმოსფეროსთან გამკლავება არ მოუწიათ. თუმცა ეს გამამართლებელი მიზეზი არაა. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ბარსა საშინელ ფეხბურთს აჩვენებს.

შეტევაში კრეატიულობის ნაკლებობა ნაწილობრივ მოკლე სათადარიგოთა სკამის ბრალიცაა. ბარსაში ვერ ვხედავ ფეხბურთელს, რომელსაც ცვლილებაზე შესვლა და ატლეტიკოს მსგავსი მეტოქეების წინააღმდეგ გამართულ მატჩებში გარდატეხის შეტანა შეუძლია.

ამასთან ერთად, თუ რამის შეცვლა გინდა, შეხვედრის ბოლო წუთებს არ უნდა დაელოდო. არ უნდა გეგონოს, რომ 90-ე წუთზე გამოსული ანტუან გრიზმანი შენი გუნდის პრობლემებს მოაგვარებს.

არ მესმის, მსოფლიო ჩემპიონი, ატლეტიკოს ყოფილი ფეხბურთელი და დიდი თანხის სანაცვლოდ გაფორმებული მოთამაშე ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში მოედანზე ბოლო წუთებზე რატომ გამოდის. ეს ადასტურებს, რომ გუნდში პრობლემებია, რადგან თუ ამ დონის მატჩში გრიზმანს სათადარიგოთა სკამზე ტოვებ, ე.ი მასზე უკეთესი ფეხბურთელები გყავს და ანტუანის ტრანსფერი არაფრისმომცემი იყო. ბარსელონაში შემაშფოთებელი ვითარებაა და შესაძლოა ბლაუგრანამ ესპანეთის ჩემპიონობა დაკარგოს".

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა და პირველადგილოსან „რეალს“ 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა „სამეფო კლუბს“ „ბლაუგრანაზე“ ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. „ბლანკოსი“ თავის შეხვედრას 3 ივლისს გამართავს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ „ხეტაფეს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები