Aa Aa
2 ივლისი 2020  |  16:24

კობიაშვილი, ლევანდოვსკი და სხვები: ბუნდესლიგის აღმოსავლეთევროპელთა სიმბოლური გუნდი

ფრანგულმა გამოცემამ ბუნდესლიგაში მოთამაშე აღმოსავლეთევროპელთა სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელშიც ''შალკეს'' ექს-ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი მოხვდა.

გამოცემა footballski-ს სიმბოლურ გუნდში ლევან კობიაშვილის გარდა არაერთი ცნობილი სახეა: უნგრელები გაბორ კირაი და პოლ დარდაი, ბოსნიელები ზვეზდან მისიმოვიჩი და ჰასან სალიჰამიჯიჩი, ხორვატი ძმები ნიკო და რობერტ კოვაჩები, ავსტრიელი დავიდ ალაბა, პოლონელები იაკობ ბლაშჩიკოვსკი და რობერტ ლევანდოვსკი, ბულგარელი კრასიმირ ბალაკოვი.

გამოცემა სიმბოლური გუნდის თითოეულ ფეხბურთელზე წერს. ქართველზე შემდეგს ვკითხულობთ: ''ლევან კობიაშვილმა ''ფრაიბურგისთვის'' ბევრი გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ''ფრაიბურგში'' ქართველების კოლონია იყო, მასთან ერთად ალექსანდრე იაშვილი და ლევან ცქიტიშვილი ასპარეზობდნენ. ლევან კობიაშვილი მრავალმხრივი იყო, დაცვასა და ნახევარდაცვაში კარგად თამაშობდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩი ჩაატარა და ეროვნული გუნდის რეკორდსმენია. ამჟამად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია.''

სიმბოლურ გუნდში კობიაშვილი დაცვის ცენტრში რობერტ კოვაჩთან ერთადაა. სიმბოლური გუნდის მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული ავსტრიელი სპეციალისტი ერნსტ ჰაპელია, რომელიც 1981-97 წლებში ''ჰამბურგს'' წვრთნიდა.

ლევან კობიაშვილი ''შალკესთან'' ერთად გერმანიის ვიცე-ჩემპიონი ორჯერ გახდა, გერმანიის თასის ფინალში მიუნხენის ''ბაიერნთან'' დამარცხდა. გარდა ამისა, კობიაშვილის ''შალკეში'' ყოფნისას გელზენკირხენული კლუბი უეფას თასის ნახევარფინალში გავიდა.

ლევან კობიაშვილის ბოლო გერმანული კლუბი ბერლინის ''ჰერტა'' იყო, სადაც ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და გარკვეული პერიოდი ბერლინური გუნდის აკადემიაში მუშაობდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება