გერმანელი და ნიდერლანდელი მცველები - დილა კონფერენს ლიგის წინ ძლიერდება
კონფერენს ლიგის მატჩების წინ გორის „დილა“ ორი ცენტრალური მცველით გაძლიერდა.
კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, გერმანელი ცენტრალური მცველი ლამარ იარბროუგი კარიერას „დილაში“ გააგრძელებს.
30 წლის უკანახაზელი გორულ კლუბს გერმანიის მესამე ბუნდესლიგის კლუბ „ალემანია აახენიდან“ შეუერთდა. გამოცდილ უკანახაზელს მთელი კარიერა სამშობლოში აქვს გატარებული, ყველაზე დიდი დრო მან სწორედ მესამე ბუნდესლიგაში გაატარა, სადაც „აახენის“ გარდა „ულმსა„ და „შვაინფიურტში“ უთამაშია.
გორელების კიდევ ერთი ახალწვეული 20 წლის ცენტრალური მცველი მაიკ ნელსონ პოეკეტია.
ახალგაზრდა ნიდერლანდელმა კარიერა „ბრიუგეს“ აკადემიაში დაიწყო, რის შემდეგაც ნიდერლანდებში, „ტვენტეს“ რიგებში გადაბარგდა და „დილაში“ გადასვლამდე, ამ კლუბის 21 წლამდე გუნდში ასპარეზობდა. პოეკეტის ძირითადი სათამაშო პოზიცია ცენტრალური მცველია, თუმცა მას როგორც მარცხენა მცველად, ისე საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშიც შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დილას“ მეტოქე სან-მარინოს წარმომადგენელი „ვირტუსი“ იქნება. პირველი მატჩი 9 ივლისს გორში, საპასუხო კი 16 ივლისს სან-მარინოში გაიმართება.