ბეშიქთაშის მწვრთნელი ნინუაზე: ''შეუძლია მნიშვნელოვანი ფიგურა გახდეს''
Aa
Aa

ბეშიქთაშის მწვრთნელი ნინუაზე: ''შეუძლია მნიშვნელოვანი ფიგურა გახდეს''

თბილისის ''დინამოს'' კაპიტნის, ნიკა ნინუას ''ბეშიქთაშში'' ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რაც თურქული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სერგენ იალჩინმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში დაადასტურა. იალჩინის თქმით ამ ეტაპზე 21 წლის ნახევარმცველი სასტარტო თერთმეტეულის ფეხბურთელად არ მოიაზრება, თუმცა სამომავლოდ გუნდისთვის მნიშვნელოვან მოთამაშედ მოიაზრებს.

სერგენ იალჩინი: ''ამ ეტაპზე სასტარტო თერთმეტეულის მოთამაშედ არ განვიხილავთ, თუმცა ნინუას დიდი პოტენციალი აქვს, რომ სამომავლოდ ''ბეშიქთაშისთვის'' წარმატებული მატჩები ჩაატაროს და გუნდს დიდი მიზნების მიღწევაში დაეხმაროს. მასში ვხედავთ რესურსს, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდეს.''

იალჩინის საუბრიდან გამომდინარე ნათელია, რომ თურქული კლუბი ნინუასთან ხანგრძლივ თანამშრომლობას გეგმავს. მასთან მიმართებაში გათვლა მომავალზეა, ''ბეშიქთაშში'' ადგილის დამკვიდრება ფეხბურთელისთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

თბილისის ''დინამოს'' კაპიტნის, ნიკა ნინუას გადაბირება სტამბოლის ''ბეშიქთაშს'' 750 000 ევრო დაუჯდა. ინფორმაციას თურქული გამოცემა Sabah-ი ავრცელებს, თუმცა სხვა რამდენიმე თურქული წყაროს ცნობით სატრანსფერო თანხა 800 000 ევროს აღწევს. გარდა ამისა, თურქული მედიის ცნობით მხარეები ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებენ და თითოეულ წელში ნინუა დაახლოებით 350 000 ევროს მიიღებს.

 21 წლის ნახევარმცველი 2016 წლიდან თბილისური კლუბის ღირსებას იცავდა. 2018 წელს ''დინამოს'' სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა. საერთო ჯამში ევროტურნირებზე ''დინამოს'' მაისურით 8 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო. მას ეროვნულ გუნდში არასდროს უთამაშია, თუმცა ასაკობრივ ნაკრებებში ასპარეზობის გამოცდილება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები