კონფლიქტი ნაპოლისთან მატჩამდე - რონალდუ სარის დაუპირისპირდა
Aa
Aa

კონფლიქტი ნაპოლისთან მატჩამდე - რონალდუ სარის დაუპირისპირდა

კრიშტიანუ რონალდუ კარანტინის შემდეგ, არც ისე კარგ ფორმაში დაგვიბრუნდა. მისი პირველი ორი მატჩი საკმაოდ უღიმღალო იყო. პორტუგალიელი ფორმაში აუცილებლად შევა და ეს მალე მოხდება, თუმცა მისი ურთიერთობა მაურისიო სარისთან სულ უფრო უარესდება.

გავლენიანი იტალიური გამოცემა „გაძეტა დელო სპორტი“ წერს, რომ თასის ფინალში „ნაპოლისთან“ მატჩამდე, უფრო ზუსტად კი ბოლო სავარჯიშო სესიაზე სარიმ რონალდუს ცენტრფორვარდად თამაში კიდევ ერთხელ თხოვა, რაზეც კრიშტიანუმ უხეშად უპასუხა და უარი განუცხადა.

როგორც წყარო წერს, რონალდუ ცხრიანის პოზიციაზე თამაშზე უარს ამბობს. მისი თქმით, იგი მთელი კარიერა მარცხნიდან უტევდა და ახლა პოზიციის შეცვლა არ სურს.

რონალდუს 4-3-3-ის ნაცვლად 4-4-2 სათამაშო სქემა უფრო მეტად ხიბლავს, რომელშიც ის მეტ თავისუფლებას მიიღებს და იქ ითამაშებს, სადაც მოისურვებს. ცნობისთვის, პორტუგალიის ნაკრებში ის სწორედ ასე მოქმედებს და ბოლო წლებში „რეალშიც“ მსგავსი სქემით თამაშობდა.

იტალიური გამოცემა წერს, რომ კონფლიქტის დროს ადგილზე მთელი გუნდი იმყოფებოდა. ამ ფაქტმა კი სარის ავტორიტეტზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს, რასაც დრო გვიჩვენებს...

მაურისიო სარიმ გუნდში არსებული პრობლემები დღემდე ვერ მოაგვარა. ყველას კარგად ახსოვს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი „ლიონში“, სადაც შესვენებაზე, სანამ გუნდები მოედნაზე გამოვიდოდნენ, რონალდუ და დიბალა ერთმანეთში საუბრობდნენ და გუნდელებს (ნახევარმცველებს) აკრიტიკებდნენ, რომ ისინი მათ სათანადოდ ვერ ეხმარებიან:

რონალდუ: „წინ მარტონი ვართ, ნახევარდაცვა საერთოდ ვერ გვეხმარება“.

დიბალა: „ბურთი არავის მოაქვს“.

რონალდუ: „ვიცი, მეორე ბურთზეც პრობლემები აქვთ, არაფერი გამოსდით“.

ტურინელთა ბანაკში არც ისე სახარბიელო სიტუაციაა და მწვრთნელს ყველაფრის მოგვარება მართებს, ან მას სეზონის ბოლოს თანამდებობას დაატოვებინებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები