Aa
Aa

"ჩემი გუნდით ვამაყობ" - ფლიკის პირველი კომენტარი ჩემპიონის რანგში

მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის ჩემპიონობა ჩემპიონატის დამთავრებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდა. „რეკორდმაისტერმა“ სტუმრად „ვერდერი“, ლევანდოვსკის გოლით, 1:0 დაამარცხა და მეორეადგილოსნისთვის მიუწვდომელი გახდა.

მატჩის შემდეგ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა ჰანს-დიტერ ფლიკმა, რომელმაც საკუთარი გუნდი შეაქო და ხაზი მენტალურ მხარეს გაუსვა.

„ჩემი გუნდით ვამაყობ. მათ დღეს ბრწყინვალედ ითამაშეს და მთლიანობაშიც გასაოცარი სეზონი ჩაატარეს. თვალსაჩინოა გუნდური სული და მენტალიტეტი, თუმცა ასევე ნათლად ჩანს ისიც, როგორი სიამოვნებით თამაშობენ ფეხბურთელები ერთმანეთის მხარდამხარ.

ერთობლივად იბრძვიან და ხასიათს ავლენენ, ეს ყველაფერი განსაკუთრებით ბოლო 3 ტურში გამოჩნდა, როცა მათ მართლაც შესანიშნავად ითამაშეს“.

ფლიკმა მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი დიდი ტიტული მოიპოვა, ხოლო „ბაიერნმა“ ბუნდესლიგა ზედიზედ მერვედ მოიგო, საერთო ჯამში კი ქვეყნის ჩემპიონი 30-ედ გახდა.

„რეკორდმაისტერს“ მიმდინარე სეზონში ტრებლის შესრულების შანსი აქვს, გერმანიის თასის ფინალში მეტოქე „ლევერკუზენია“, ჩემპიონთა ლიგაზე კი გუნდი 1/4 ფინალთან ერთ ნაბიჯშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები