დავით მუჯირი: ''უეფა საქართველო-ბელარუსის უმაყურებლოდ გამართვას არ განიხილავს''
Aa
Aa

დავით მუჯირი: ''უეფა საქართველო-ბელარუსის უმაყურებლოდ გამართვას არ განიხილავს''

ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელარუსია. საფეხბურთო დაპირისპირება 26 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო შემოდგომამდე გადაიდო, თუმცა შეხვედრის ზუსტი თარიღი კვლავ უცნობია. აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით უეფა 17 ივნისს იმსჯელებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ქართულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ თამაშის უმაყურებლოდ გამართვა არ განიხილება.

დავით მუჯირი: ''გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ბელარუსს მაყურებლების გარეშე ვუმასპინძლებთ. უეფასთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს, ორგანიზაციის ხელმძღვანელების მხრიდან ამ სახის ვალდებულებაზე საუბარი არ ყოფილა, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდეს. იმედია, მსოფლიოსა და საქართველოში არსებული პოზიტიური ძვრები მოგვცემს საშუალებას, მაყურებელი სტადიონზე უახლოეს პერიოდში დაუშვან, მათ შორის ბელარუსთან შეხვედრაზე.''

შეგახსენებთ, 2020 წლის შემოდგომაზე დაგეგმილია, როგორც ერთა ლიგის ნახევარფინალური და ფინალური მატჩების გამართვა, ასევე ერთა ლიგის ახალი გათამაშების დაწყება, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო შეხვედრების გამართვის ზუსტი თარიღი უცნობია.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები