დავით კობოური
Aa
Aa

„ამის გამო სხვებს მეტ შანსს აძლევენ“ - კობოური უთამაშებლობის მიზეზებზე

დავით კობოური 2024 წლიდან უნგრეთის საფეხბურთო კლუბ „უიპეშტში“ ასპარეზობს და თუ სადებიუტო სეზონში თავის გამოჩენის საშუალება ხშირად ეძლეოდა, წელს იგივეს თქმა არ შეიძლება. 23 მატჩიდან 28 წლის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა მხოლოდ ათში მიიღო მონაწილეობა და ზედიზედ ხუთი შეხვედრაა მოედანზე არ გამოჩენილა. რის გამო შეუმცირდა სათამაშო დრო და რაში ხედავს შექმნილ მდგომარეობაში გამოსავალს, ამის თაობაზე თბილისის „დინამოს“ აღზრდილმა ფეხბურთელმა Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

დავით კობოური

ბოლო პერიოდში „უიპეშტში ბევრი რამ მოხდა - მწვრთნელი ოთხჯერ, თუ ხუთჯერ შეიცვალა და მოვიდა ახალი პრეზიდენტი, რომელმაც ტრანსფერებში ბევრი ფული დახარჯა. სწორედ ამიტომ, მწვრთნელი ცდილობს თავის გამოჩენის საშუალება იმ მოთამაშეებს მისცეს, რომელთა სანაცვლოდაც დიდი თანხაა გადახდილი. გარდა ამისა, კონტრაქტი ზაფხულში მისრულდება და რადგანაც იციან, რომ არ დავრჩები, ჩემი იგნორირებაც ამით აიხსნება.

მიხარია, რომ ჩემგან განსხვავებით გიორგი ბერიძეს თამაში ხშირად უწევს - ისიც წინა ზაფხულს მოვიდა და შესაბამისად, უფრო მეტად განიხილავენ კლუბის სამომავლო გეგმებშიც. თუმცა, გიორგი ასეთ დაფასებას იმსახურებს, რადგან ისეთი მოთამაშეა, რომელსაც განსხვავების შექმნა შეუძლია. არ აქვს მნიშვნელობა ცვლილებაზე შედის, თუ ძირითადშია, მუდამ პროდუქტიულია და კლუბს მაქსიმალურად ეხმარება.

როდესაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა გაკლია, ნაკრებში მოხვედრაზე პრეტენზიაც ვერ გექნება და იმედია ამ მხრივ მომავალში ყველაფერი შეიცვლება. ჯერჯერობით ვარიანტებზე ვერაფერს გეტყვით. წავალ თუ არა უზბეკეთში, ან ყირგიზეთში? ნებისმიერ წინადადებას განვიხილავ, თუმცა გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ოჯახის წევრებთან გასაუბრების შემდეგ მივიღებ, რადგან ჩემს უკან ოჯახი დგას და მათ კეთილდღეობაზე უნდა ვიფიქრო.

უნგრეთისა და საქართველოს ჩემპიონატებს შორის მთავარია განსხვავება იცით რაშია? უნგრეთის პირველობაზე უკან პასს პრაქტიკულად არ აკეთებენ. რაც შეეხება ერთა ლიგის კენჭისყრას და ჩვენ მეტოქეობას, გვაფასებენ და გვთვლიან ძლიერ ოპონენტად, რაც პირადად მე ძალიან მსიამოვნებს“.

ცნობისათვის, დავით კობოურმა წლევანდელ სეზონში ჩატარებული 10 მატჩიდან 8-ჯერ ძირითადში დაიწყო, აქედან ხუთ შემთხვევაში სრულად იასპარეზა, ორჯერ კი შეხვედრაში ცვლილებაზე ჩაერთო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეც არ ვიყავი სათანადო ფორმაში“ - შენგელია ნაკრებში გამოუძახებლობაზე
„მეც არ ვიყავი სათანადო ფორმაში“ - შენგელია ნაკრებში გამოუძახებლობაზე