გადაჭედილი სპორტის სასახლე - მთავარი კონკურენტი დასამარცხებელია!
დღეს, 7 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის F ჯგუფში მესამე მატჩს, უმთავრეს კონკურენტთან, მონტენეგროს ნაკრებთან ჩაატარებს.
სპორტის სასახლის დარბაზი 8500 მაყურებელს იტევს, გუშინდელი მონაცემებით, თითქმის ყველა ბილეთი გაყიდული იყო. ასე რომ, დღეს ანშლაგისა და დიდი საკალათბურთო ზეიმის მოლოდინში ვართ.
შეგვიძლია, ჩვენი გუნდის თავკაცის წინასამატჩო კომენტარი შემოგთავაზოთ.
ილიას ზუროსი: - გულშემატკივრის დიდი იმედი მაქვს. მინდა მათ მოვუწოდო, რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ, ჩვენ ასეთ მატჩში ეს ძალიან დაგვეხმარება. რამდენადაც ვიცი, დარბაზი სავსე იქნება, ეს კი, უნდა გამოვიყენოთ და მეტოქე ერთობლივი ძალებით დავამარცხოთ. დიდი მნიშვნელობა ექნება დაცვაში ზუსტ თამაშს, ეს შესაძლოა, წარმატების მთავარი გარანტიც გახდეს. ჩვენი ბიჭების მჯერა და იმედია, ყველა მათგანი თავისი მაქსიმუმის გამოვლენას შეძლებს".
შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს