Aa Aa
21 მაისი 2020  |  13:12

არველაძე: ''რუსეთს ახლაც უარს ვეტყოდი... პოლიტიკოსები სულში გვაფურთხებენ''

''ფახთაქორის'' მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე საინტერესო თემებზე რუსულ მედიას ესაუბრა. Sport.ru-ს ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა დიკ ადვოკატის მიწვევას ეხებოდა, როცა არველაძემ რუსეთის ეროვნულ გუნდში მუშაობაზე უარი თქვა.

2009-10 წლებში ჰოლანდიურ ''ალკმაარს'' დიკ ადვოკატი წვრთნიდა, რომელსაც ასისტენტობას შოთა არველაძე უწევდა. 2010 წელს ჰოლანდიელი მწვრთნელი რუსეთის ეროვნულ გუნდს ჩაუდგა სათავეში, არველაძემ ჰოლანდიელის წინადადებას უარით უპასუხა.

-  2010 წელს დიკ ადვოკატი რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. მან ასისტენტად მუშაობა შემოგთავაზათ, თქვენ კი უარი უთხარით: ''არ შემიძლია, ჩემმა ქვეყანამ დიდი ტკივილი გადაიტანა.'' ახლაც ასე მოიქცეოდით?

- ახლაც უარს ვიტყოდი, რადგან ჩვენი მიწები არ დაბრუნებულა. 2008 წელს ჩემი ოჯახი თბილისში იყო, ბავშვები კი ბათუმში იმყოფებოდნენ. მახსოვს რამდენად დიდი შიში გადავიტანეთ, დავიწყება რთულია. კლუბში მუშაობა ერთია, მაგრამ ნაკრები სულ სხვაა, სრულიად სხვა. არ მსურს ჩემი პოლიტიკური შეხედულებები ფეხბურთში გავურიო, მაგრამ 2008 წლის მძიმე დღეები არასდროს დამავიწყდება და ყოველთვის დამეხმარება რუსეთთან მიმართებაში სწორი პოზიცია მქონდეს.

მე მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლაც არ შემეძლო. თქვენ საქართველოში ვიზის გარეშე შემოდიხართ, ჩვენ კი ვიზა გვჭირდება. ვიზის მისაღებად საჭიროა ბევრი საბუთის შეგროვება, საელჩოში მისვლა, რაც დიდ დროს მოითხოვს.

2002 წლის შემდეგ მოსკოვში არ ვყოფილვარ. მახსოვს თებერვალში ვიყავით და მოსკოვის ''სპარტაკთან'' ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ. მოსკოვური გუნდი 80 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ყველაფერი შესანიშნავი იყო როგორც ამინდი, ასევე ქალაქი მოსკოვი.

- თქვენ ერთხელ თქვით, რომ საქართელოში პრემიერ-მინისტრად მუშაობა უფრო ადვილია ვიდრე საქართველოს ეროვნული ნაკრების გაწვრთნა.

- რა თქმა უნდა. ყველა ვერ გესაუბრება ეკონომიკაზე და რეფორმებზე, ხოლო ყველა ფიქრობს, რომ ფეხბურთი შენზე უკეთ ესმის. ფეხბურთელი გოლს ვერ გაიტანს და მწვრთნელს აგინებენ, მაგრამ მწვრთნელი ხომ ვერ დაარტყამს ბურთს, ის ხომ მინდორზეც არაა, სკამზე ზის.

- პოლიტიკური ამბიციები გაქვთ?

- არა, პოლიტიკური ამბიციები არ მაქვს, თუმცა როგორც მოქალაქის ამბიციაა ქვეყანაში ცხოვრება, სადაც კანონი უზენაესია, სადაც ადამიანები ნორმალურად ცხოვრობენ, არავინ არავის კლავს, არავინ იპარავს, ადამიანები ერთმანეთს პატივს სცემენ. ასევე, მსურს მეზობელ ქვეყნებთან რუსეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრება. მინდა ასეთი ქვეყანა მეც ვნახო ვიდრე ჩემი შვილიშვილები ნახავენ. რატომ არის ეს ასეთი რთული? საქართველოში 4 მილიონზე ნაკლები მოსახლეობაა. მაგიჟებს ეს ვითარება, რომ ქვეყანაში, სადაც შეიძლება სამოთხე მოაწყო, პოლიტიკოსები მოსახლეობას სულში აფურთხებენ.

- რას ფიქრობთ თქვენი მეგობრის, კახა კალაძის შესახებ?

- ის ძალიან ნიჭიერი, ქარიზმატული და ამბიციური პოლიტიკოსია, მან ბევრს მიაღწია და შეუძლია საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკოსი გახდეს. ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც კარგად აჩვენებს, რომ სწავლა შეუძლია. როგორც ფეხბურთელი ხასიათით და დისციპლინით გამოირჩეოდა. ფიქრობენ, რომ სპორტსმენებს სხვა სფეროში წარმატების მიღწევა არ შეუძლიათ, რასაც არ ვეთანხმები.

ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ბევრი რეფორმა განახორციელა, შედეგად კი მივიღეთ ის, რომ ყოველწლიურად საქართველოს 9 მილიონი ტურისტი სტუმრობს. ყველაფერი სწრაფად მოხდა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის დოკუმენტს ხელი მოაწერა.

- როდიდან ფიქრობდით სამწვრთნელო კარიერაზე?

- ბავშვობიდან მოყოლებული მოედანზე ძალიან აქტიური ვიყავი, ვეკამათებოდი მწვრთნელებს და ვუყვიროდი თანაგუნდელებს, ვფიქრობდი რომ სხვებზე მეტი ვიცოდი. ვხუმრობ, რა თქმა უნდა. მწვრთნელობაზე ფიქრი 30 წლის შემდეგ დავიწყე. ვან გაალთან შეხვედრამდე ბევრ ძლიერ სპეციალისტთან ვიმუშავე, თუმცა ვან გაალი სრულიად განსხვავებული იყო. მისი და იოჰან კრუიფის საფეხბურთო ფილოსოფია იდენტურია. ვან გაალი ფეხბურთელებს გასაოცარ კითხვებს უსვამდა, რაც მოთამაშეებს საუკეთესო თვისებების ჩვენებაში ეხმარებოდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!