საქართველო - ბელარუსი უმაყურებლოდ ჩატარდება - უეფამ გადაწყვეტილება მიიღო?
Irishtimes და BelfastTelegraph იტყობინებიან, რომ ევრო 2020-ის პლეიოფის მატჩები მაყურებლების გარეშე ჩატარდება. BelfastTelegraph-ის ცნობით, უეფა ამ კვირაში ეროვნულ ასოციაციებს შეატყობინებს, რომ 2020 წელს გასამართი ყველა სანაკრებო შეხვედრა აუცილებლად დახურულ კარს მიღმა ჩატარდება.
გამოცემები იტყობინებიან, რომ უეფას ეროვნულ ნაკრებთა კომიტეტმა გუშინ შეხვედრა გამართა და შეთანხმდა, რომ სანაკრებო მატჩები, მათ შორის ევრო 2020-ის პლეიოფი, სექტემბერში, ოქტომბერში და ნოემბერში გაიმართება.
უეფა უახლოეს პერიოდში ორგანიზაციაში შემავალ 55-ვე სუბიექტს ინსტრუქციებს მისცემს და შეატყობინებს, რომ წლეულს გასამართი ყველა სანაკრებო მატჩის უმაყურებლოდ ჩასატარებლად მოემზადონ.
თუ ინფორმაცია დადასტურდა, საქართველოსა და ბელარუსის დაპირისპირება „დინამო არენაზე“ მაყურებლების გარეშე ჩატარდება, რაც ქართველი გულშემატკივრისთვის უდიდესი დარტყმა იქნება.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2020 გადაიდო და გათამაშება 2021 წლის ზაფხულში გაიმართება - 11 ივნისიდან 11 ივლისამდე.