''მესი თუ მარადონა? დიეგო სხვა სამყაროა'' - ''ყველა მესის უყურებდა, მე ინიესტას ვაკვირდებოდი''
Aa
Aa

''მესი თუ მარადონა? დიეგო სხვა სამყაროა'' - ''ყველა მესის უყურებდა, მე ინიესტას ვაკვირდებოდი''

2006 წლის მუნდიალის გამარჯვებული ფაბიო კანავარო აღიარებს, რომ ''ბარსელონასთან'' შეხვედრისას მესიზე მეტად ანდრეს ინიესტას აკვირდებოდა, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია.

კანავარომ AS-თან ინტერვიუში ინიესტას შესახებ განაცხადა: ''ის იყო სრულყოფილი პროფესიონალი და თავმდაბალი პიროვნება. ის ჩემი მეტოქე იყო ხოლმე, არ შემეძლო მას დავხმარებოდი, მაგრამ მე ის მიყვარდა, როცა მის თამაშს ვხედავდი. მაშინ როცა ყველა მესის უყურებდა, მე ინიესტას ვაკვირდებოდი.''

კანავარომ მარადონასა და მესის შესახებ Sky Sports-თან ისაუბრა: ''მესის პატივს ვცემ, ახალი თაობისთვის ის ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ მარადონა განსხვავებულია, რადგან მაშინ ფეხბურთიც განსხვავებული იყო. მას ბევრს ურტყამდნენ, თუმცა კონტროლს არასდროს კარგავდა და ყოველთვის მაგარი იყო.

მესი საუკეთესოა, მაგრამ მარადონა სხვა სამყაროა. მარადონას სხვა ფეხბურთელებს არასდროს ვადარებ. არ მინახავს პელეს თამაში, მაგრამ მარადონას თამაშს 7 წელი რეგულარულად ვუყურებდი. ის არ არის ერთ-ერთი საუკეთესო, ის საუკეთესოა.''

კანავარომ ყოფილი კლუბის, მადრიდის ''რეალის'' შესახებაც ისაუბრა. იტალიელი, რომელიც ამჟამად ჩინეთში მოღვაწეობს, ''სამეფო კლუბს'' კილიან მბაპეს გადაბირებას ურჩევს. ამ თემაზე კანავარომ ესპანურ AS-თან ისაუბრა.

''რეალს'' მბაპეს მსგავსი ფეხბურთელები სჭირდება, ვისაც კრიშტიანუ რონალდუს გზის გაგრძელება შეუძლია. ნორმალური იქნება თუ ''რეალი'' მბაპეს გადაიბირებს, მაგრამ პსჟ-ს მფლობელებს ეს ფული არ სჭირდებათ. პარიზული კლუბის მმართველები ამბიციურები არიან და ჩემპიონთა ლიგის მოგება სურთ. მე ვიცნობ პსჟ-ს პრეზიდენტს, რომელიც მბაპეს შენარჩუნებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.''

შეგახსენებთ, ''ნაპოლის,'' ''პარმას,'' ''ინტერისა'' და ''იუვენტუსის'' ყოფილი ფეხბურთელი 2006-09 წლებში მადრიდის ''რეალის'' ღირსებას იცავდა. ნეაპოლელი კანავარო ესპანეთის ჩემპიონი ორჯერ გახდა (2006-07, 2007-08). ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა ფეხბურთელის კარიერა 2011 წელს ''ალ-აჰლიში'' დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები