Aa
Aa

"ჩემში მალდინი, ბარეზი და ბეკენბაუერი გაერთიანდნენ" - ბერბატოვმა მცველად თამაში გაიხსენა

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ტოტენჰემის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა ამ კლუბებთან დაკავშირებული ამბები გაიხსენა. ერთ-ერთი მათგანი შეეხებოდა მომენტს, როცა „ბერბას“ ცენტრალურ მცველად თამაში მოუწია.

„ბევრს ეს მატჩი არ ახსოვს, თუმცა მე ყველაფერი კარგად მახსოვს. ლიგის თასზე „ლიდსს“ ვხვდებოდით და მწვრთნელს სამივე შეცვლა გამოყენებული ჰქონდა. ამ დროს ახალგაზრდა მცველმა ზეკი ფრიერსმა ტრავმა მიიღო და ცენტრალურ მცველად დადგომა მომიწია. ჩემში უცებ მალდინი, ბარეზი და ბეკენბაუერი გაერთიანდა და მატჩის დარჩენილი დაახლოებით ნახევარი საათი ასე ჩავატარე.

ასევე მშვენივრად მახსოვს ინგლისში მოგებული პირველი ტიტული. „ტოტენჰემთან“ ერთად „უემბლიზე“ თასის ფინალს ვთამაშობდით, მე გოლი გავიტანე, კლუბმა კი გათამაშება ტრიუმფით დაასრულა. ეს ჩემთვის განსაკუთრებული მომენტი იყო, თუმცა, სიმართულე გითხრათ, „ტოტენჰემის“ მაისურით ჩატარებული თითოეული მატჩი განსაკუთრებული გახლდათ. ეს გუნდი ძალიან მიყვარს, მის მიმართ უდიდესი პატივისცემა მაქვს და ეს მუდამ ასე იქნება“.

„ლიდსთან“ ხსენებული მატჩი 2011 წელს შედგა. ბერბატოვმა ხუმრობისას გააზვიადა, რომ მცველად ნახევარი საათი ითამაშა, რეალურად მას ამ საქმის კეთება 10 წუთის განმავლობაში მოუწია. „იუნაიტედი“ 3:0-ს იგებდა და შეხვედრაც გამარჯვებამდე იოლად მიიყვანა.

ისე კი, 2008 წელს, „წითელმა ეშმაკებმა“ „ბერბას“ ტრანსფერში „ტოტენჰემს“ 30 მილიონი ფუნტი გადაუხადეს. ტანმაღალმა შემტევმა „მანკუნიანელთა რიგებში ჩატარებულ 149 მატჩში 56 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები