''თურქეთში სტადიონი ვიქირაოთ და უეფა-ს სუპერთასი იქ ჩავატაროთ'' - არველაძის კომიკური ისტორია
Aa
Aa

''თურქეთში სტადიონი ვიქირაოთ და უეფა-ს სუპერთასი იქ ჩავატაროთ'' - არველაძის კომიკური ისტორია

ჰოლანდიური ''ბრედასა'' და გერმანული ''კიოლნის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, არჩილ არველაძემ, რომელიც ამჟამად ტაშკენტის ''ფახთაქორის'' მწვრთნელია, POST TV-ის ეთერში 2015 წელს თბილისში ჩატარებულ უეფა-ს სუპერთასთან დაკავშირებით საინტერესო და კომიკური ამბავი გაიხსენა.

არველაძის მიერ მოყოლილი ისტორია თბილისის მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს ეხება, რომელმაც არჩილს სუპერთასის თურქეთში გამართვა შესთავაზა, რაც გაცილებით ნაკლებ ფინანსურ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული.

''სტადიონის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებულ ბოლო დეტალებს ვათანხმებდით, მაგრამ ბევრი ვერ ინელებდა, რომ ამ მატჩის გასამართადად საკმაოდ დიდი თანხები იხარჯებოდა, ვგულისხმობ სტადიონის რეკონსტრუქციას. ამ დროს თბილისის მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი მეუბნება: ''თქვენ ხომ კარგი ურთიერთობა გაქვთ თურქებთან?'' 

ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა, ვიფიქრე, ''ტურნიკეტი'' გვაქვს შემოსატანი ან ქაღალდი ბილეთის დასაბეჭდად. არადა ასეთი საკითხები ჩვენ არ გვეხება, საორგანიზაციო საკითხებს მთლიანად უეფა-ს სპეციალური ჯგუფი აკონტროლებს. შეხვედრის ორგანიზაციულ თემებთან ჩვენ შეხება არ გვაქვს, მხოლოდ სტადიონის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული საკითხები უნდა გადავჭრათ.

მას ვუპასუხე, რომ თურქებთან კარგი ურთიერთობა მაქვს და შემდეგ მკითხა: ''რა ეღირება ერთი კარგი სტადიონის ქირაობა თურქეთში?'' ვერ ვხვდები რას მეკითხება. ვუთხარი, რომ, სავარაუდოდ, 200 000 ან 300 000 დაჯდებოდა. შემდეგ მან მითხრა: "რად გვინდა 13 მილიონის დახარჯვა, მოდი, თურქეთში ვიქირაოთ სტადიონი და სუპერთასის ფინალი იქ ჩავატაროთ".

წარმოიდგინე, ასეთ ვითარებაში, როცა ფინალი თბილისში უნდა გამართულიყო, მატჩი უნდა ჩაგვეტარებინა ანკარაში, სტამბოლში ან სადმე სხვა ქალაქში და დაერქმეოდა რომ შენი სუპერთასია... ზოგიერთს წარმოდგენა არ აქვს, რეალურად რა მნიშვნელობის მატჩი იყო.

თამაშის მხრივ და საორგანიზაციო კუთხით ეს მატჩი საუკეთესოდ ჩატარდა. ეს ჩემი სიტყვები არაა, უეფა-მ გამოაცხადა ასე.''

შეგახსენებთ, 2015 წლის 11 აგვისტოს, უეფა-ს სუპერთასი თბილისში გაიმართა, კატალონიის ''ბარსელონამ'' ანდალუსიური "სევილია" დამატებით დროში 5:4 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები