''მთელი ქვეყანა ზეიმობს'' - უეფამ მახარაძის სახალისო და ცნობილი ფრაზები გაიხსენა
Aa
Aa

''მთელი ქვეყანა ზეიმობს'' - უეფამ მახარაძის სახალისო და ცნობილი ფრაზები გაიხსენა

უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე სხვადასხვა ქვეყნების კომენტატორების ყველაზე დასამახსოვრებელი და ხმაურიანი ფრაზების შესახებ სტატია გამოქვეყნდა. მათ შორის მოხვდა ქართველი კოხე მახარაძე.

''შემიძლია წარმოვიდგინო, რაც ახლა თბილისში ხდება. საქართველოს დედაქალაქი ზეიმობს. მთელი ქვეყანა ზეიმობს!'' - ეს კოტე მახარაძის სიტყვებია, როცა თბილისის ''დინამომ'' თასების მფლობელთა თასის ფინალში გერმანულ ''კარლ ცაისი'' დაამარცხა. კიევის ''დინამოს'' შემდეგ საბჭოთა კავშირში თბილისის ''დინამო'' მეორე გუნდი გახდა, რომელმაც ევროპული საკლუბო ტურნირი ტრიუმფით დაასრულა.

ამ სიტყვების გამო კოტე მახარაძე სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში დაიბარეს, KGB-ს წარმომადგენელთა კითხვა ეხებოდა მის კომენტარს, თუ რას გულისხმობდა, როცა სიტყვა ქვეყანა გამოიყენა.

სტატიაში კოტე მახარაძე კიდევ ერთხელ ახსენეს და მისი სახალისო კომენტარი გაიხსენეს: ''ბურთით არის ოლეგ ბლოხინი, დარტყმა, გოლი! სამწუხაროდ, ბურთი ძელს მოხვდა და ბლოხინი თამაშგარე მდგომარეობაში იყო. ახლა კი ჩემი ასისტენტი მატყობინებს, რომ ეს არ ყოფილა ბლოხინი.''

კოტე მახარაძე ცნობილი ქართველი მსახიობი და კომენტატორი იყო. 2002 წლის 19 დეკემბერს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

შეგახსენებთ, 1980-81 წლების სეზონში თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის ''დინამომ'' გუცაევისა და დარასელიას გოლებით გერმანული ''კარლ ცაისი'' 2:1 დაამარცხა. 1981 წლის 13 მაისი ქართული ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი დღეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები