Aa
Aa

"გამოიჩინეთ სიფრთხილე" - FIFPro-ს გზავნილი ბელარუსს, სადაც ჩემპიონატს არ აჩერებენ

პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ფედერაცია - FIFPro ბელარუსის მთავრობას მოუწოდებს, გლობალური პანდემიის წესები მიიღოს და მას შესაბამისი სიფრთხილით მოეკიდოს. ბელარუსში შიდა ჩემპიონატი არ შეჩერებულა, რის შესახებაც FIFPro-ს გენერალურმა მდივანმა, იონას ბაერ-ჰოფმანმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„დიახ, ვადასტურებ იმას, რომ ბელარუსში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ამ ფაქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

ჩვენ ვითხოვთ, რომ არსებულ მდგომარეობას ისეთივე სიფრთხილით მოეკიდონ, როგორც დანარჩენ მსოფლიოში. გულწრფელად გითხრათ, არავინ იცის, მდგომარეობა რა მიმართულებით შეიცვლება.

შესაბამისად, ყველაფერს გონივრულად და გაგებით უნდა შევხედოთ, ამიტომ მათაც სათანადო სტანდარტები უნდა გამოიყენონ, რაშიც, მზად ვართ, ლობირება გავუწიოთ“.

მეორე მხრივ, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, ბრიტანული Times-ისთვის კვირას მიცემულ ინტერვიუში ასეთი ფრაზა თქვა: „კორონავირუსის გამო მსოფლიოში შეიშალნენ, ამ ფსიქოზმა კი თითქმის ყველგან ეკონომიკას უდიდესი ზიანი მიაყენა“.

ბელარუსის ჩემპიონატი ორი კვირის წინ დაიწყო, ამ უქმეებზე კი უკვე მე-3 ტურის მატჩებია ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები