Aa
Aa

"ვერ ვსუნთქავდი, ეს შიშის დაუსრულებელი 25 წუთი იყო" - რეინა Covid-19-ზე

ბირმინგემის „ასტონ ვილას“ მეკარე, პეპე რეინა, Covid-19-თან ბრძოლას აღწერს. მისი თქმით, ამ ვირუსის პირობებში იყო 25-წუთიანი მონაკვეთი, როცა ჟანგბადი პრაქტიკულად გამოელია და სუნთქვას ძლივს ახერხებდა, რეინამ ამ მომენტს შიშის დაუსრულებელი წუთები უწოდა.

„მას შემდეგ, რაც ვირუსის სიმპტომები დამიდგინდა, უკვე 18 დღეა სახლიდან არ გავსულვარ. არ მსურს, ვინმესთან შეხება და იმის მიუხედავად, რომ მე და ჩემი მეუღლე 5 შვილთან და ორ ნათესავ ბავშვთან ერთად ვცხოვრობთ, განმარტოვებას მაინც ვახერხებ. მაგალითად, პირველი 6 დღე საერთოდ ჩემი ოთახიდანაც არ გავსულვარ.

ყველაზე საშინელი მომენტი ასეთი იყო: “ჰაერი არ მყოფნიდა, თითქოს მოულოდნელად ყელი ჩამეკეტა. როცა გავაანალიზე, რომ ორგანიზმში ჟანგბადის მიმოქცევა სათანადოდ აღარ ხდებოდა, ნამდვილი შიშიც მაშინ ვჭამე. ეს 25 წუთი შიშის დაუსრულებელი წუთები და ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი მომენტი იყო”.

მხოლოდ ახლა ვგრძნობ, რომ თანდათან უკეთესად ვხდები და ვირუსზე ვიმარჯვებ. რა თქმა უნდა, ახლა მსოფლიოში ბევრი სხვა პრობლემაა, თუმცა პრიორიტეტული ადამიანების ჯანმრთელობაა.

მესმის, რომ ბევრი ასპექტია და განსაკუთრებით ეკონომიკური კუთხით, თუმცა ფეხბურთი და საფეხბურთო ლიგების ჩამთავრება, ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანი არაა. მხარს ვუჭერ იმას, რომ ყველაფერი დალაგდეს, ჩვეულ რიტმში ჩადგეს, ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში აღარ იყოს და ფეხბურთის თამაშიც ამის შემდეგ განვაახლოთ“.

პეპე რეინას კორონავირუსი გასულ კვირას დაუდასტურდა, იქამდე კი რამდენიმე დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები