''ბაზაზე მივდივარ, ცარიელია და მარტო ვვარჯიშობ'' -  შენგელია თურქეთში არსებულ ვითარებაზე
Aa
Aa

''ბაზაზე მივდივარ, ცარიელია და მარტო ვვარჯიშობ'' - შენგელია თურქეთში არსებულ ვითარებაზე

თურქული ''ქონიას'' ფეხბურთელი ლევან შენგელია თურქეთში არსებულ ვითარებაზე CrystalSport-ს ესაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ვითარება მძიმეა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ფიზიკური კონდიციების შენარჩუნებას სახლის გარდა კლუბის ბაზაზეც ცდილობს.

შენგელია: ''ერთ დღეს სახლში ვატარებ, მეორე დღეს ბაზაზე მივდივარ, მხოლოდ სახლში ვარჯიში საკმარისი არაა, ბაზაზე საღამოს მივდივარ ხოლმე, სადაც ძირითადად არავინ მხვდება. ახლა რომ გავჩერდე და არ ვივარჯიშო, ჩემპიონატის განახლების შემდეგ თამაში და სასურველ ფორმაში დაბრუნება გამიჭირდება, თუმცა ეს პრობლემა ყველა ფეხბურთელს ეხება.

1 კვირაა, რაც სავარჯიშო პროცესი შეჩერდა, რაც უკვე დიდი დროა. ჩემპიონატი რომ განახლდეს, ფიზიკურად მზად უნდა ვიყო. ამიტომაც კონდიციების შენარჩუნებას არსებულ ვითარებაში მაქსიმალურად ვცდილობ.

მას შემდეგ რაც ვითარება დამძიმდა, პირველი ოთხი დღე სახლში გავატარე, მაგრამ შემდეგ ვარჯიში დავიწყე.

სახლიდან მხოლოდ ბაზაზე ან მაღაზიაში გავდივარ. ჯერ გარეთ გასვლა აკრძალული არაა, თუმცა სხვაგან სად უნდა წავიდე, ყველაფერი დაკეტილია. თავისუფალ დროს ხან PlayStation-ს ვთამაშობ, ხან ფილმს ვუყურებ.

ამ ეტაპზე მთელი გუნდი კორონავირუსის ტესტის ჩატარების მოლოდინში ვართ, პასუხების შემდეგ გაირკვევა როდის განვაახლებთ ვარჯიშს, თუმცა ჯერ არავინ იცის როდის ჩაგვიტარდება ტესტი. ამ ტესტის შემდეგ თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია ჩემპიონატის განახლების თარიღს დაასახელებს.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები