9 წლის წინ: ასე დავამარცხეთ ხორვატია! -
Aa
Aa

9 წლის წინ: ასე დავამარცხეთ ხორვატია! - "კობის" გოლი, კაპიტნის ცრემლები, ზეიმი და ზღვა ემოცია

2011 წლის 26 მარტს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა დამოუკიდებლობის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია. თემურ ქეცბაიას გუნდმა ევროპის ერთ-ერთ გრანდ ხორვატის უაღრესად პრინციპული შეხვედრა მოუგო.

"ევრო 2012"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურის ეგიდით, თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენას" სტუმარი ჯგუფის ფავორიტი და 10-ქულიანი ლიდერი, ხორვატია გახლდათ. ჩვენს გუნდს 4 ტურში 6 ქულა ჰქონდა და ევროპირველობაზე მოხვედრისთვის ბრძოლას აგრძელებდა.

გავიხსენოთ, რა მოხდა, იმ დღეს "დინამო არენაზე" და როგორ დაამარცხა გამართული, ორგანიზებული და გუნდური ფეხბურთით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო დონის ვარსკვლავებით დაკომპლექტებული მეტოქე. 55 ათასი გულშემატკივრის მიერ ერთად ნამღერი ჰიმნი, საოცარი მხარდაჭერა, ბოლო წუთების გოლის შეუდარებელი ემოციები კი, ცალკე თემაა.

ნამატჩევს ჩვენს კაპიტან კახა კალაძეს ლაპარაკი უჭირდა და ცრემლებს ძლივს იკავებდა, ხოლო თემურ ქეცბაიას პრესკონფერენციაზე შეკრებილი ჟურნალისტები ტაშით შეეგებნენ. იმ მატჩისა და მატჩისშემდგომი მოვლენების ამსახველი კადრები ამ ვიდეოში გავაერთიანეთ: 

 

საქართველოს ნაკრების მაისურით ჯამში გატანილი 12 გოლიდან ლევან კობიაშვილისთვის ეს შედეგიანი დარტყმა ბოლო აღმოჩნდა. 100 მატჩის გამართვისა და ამ მხრივ რეკორდის დამყარების შემდეგ, "კობი" სანაკრებო ფეხბურთიდან მალევე წავიდა.

მწვრთნელის რანგში, თემურ ქეცბაიასთვის "ჯვაროსნებში" მე-10 თამაში იყო და მისი დაუმარცხებელი სვლა გრძელდებოდა - ეს სერია 3 დღეში, ისრაელში 0:1 მარცხით დასრულდა.

ამ ბრწყინვალე გამარჯვებით ჯგუფის ლიდერ ხორვატიას 1 ქულამდე მივუახლოვდით და საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსებზე ხორვატთა თავკაცი სლავენ ბილიჩიც ალაპარაკდა, თუმცა, საბოლოოდ, იმ ციკლის ბოლო 5 ტურში მხოლოდ 1 ქულა ავიღეთ და ცხრილში მე-5 ადგილზე გავედით.

26 მარტის მატჩი, მართლაც, გამორჩეული შეხვედრა იყო, რადგან მთელი სტადიონი, მთელი გუნდი, თითოეული ფეხბურთელი, მწვრთნელი, ფიზიოთერაპევტი თუ ბურთის მიმწოდებელი ერთიანი იყო და გამარჯვებაც რაღაც სხვანაირად დაგვამახსოვრდა. 

წინ ერთა-ლიგის ფლეი-ოფია! ევროპის ჩემპიონატზე გასვლის უფრო რეალური შანსი. ერთიანობით და ასეთივე სამაგალითო გულშემატკივრობით ყველაფერი შესაძლებელია. ავიღოთ მაგალითი 26 მარტის მატჩისგან - სავსე სტადიონი, ატმოსფერო და ერთიანობა, გამარჯვების მინიმუმ ნახევარია!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები