Aa
Aa

"ის სეზონი მისთვის NBA-ში ერთ-ერთი საუკეთესო იყო" - ფაჩულია დალასის დეკადის ნაკრებში დაასახელეს!

პოპულარული ამერიკული გამოცემა lastwordonprobasketball-ის ვერსიით, ზაზა ფაჩულია „დალას მავერიქსის“ დეკადის (2010-2019) საუკეთესო გუნდში მოხვდა.

გამოცემამ დალასელთა ძირითად ხუთეულში ლუკა დონჩიჩი, ჯეისონ კიდი, შონ მერიონი, დირკ ნოვიცკი და ტაისონ ჩენდლერი დაასახელა, სათადარიგოთა სკამზე კი ერთ-ერთ მოთამაშედ სწორედ ფაჩულიაა მოხსენიებული.

აი, რას წერს lastwordonprobasketball-ი ქართველი ცენტრის შესახებ: „აღსანიშნავია, რომ „მავერიქსს“ გამორჩეული ცენტრების კუთხით დიდი ისტორია არ აქვს. საკმაოდ ადრე იყო იმისთვის, რომ დეკადის გუნდში კრისტაპს პორზინგისი ან მაქსი კლებერი მოხვედრილიყვნენ. სამაგიეროდ, ზაზა ფაჩულიამ დალასელთა რიგებში სრული სეზონი გაატარა და ფანების ფავორიტი იყო.

რეალურად, ის წელი ფაჩულიასთვის NBA-ში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. 2015-16 წლების სეზონში ნათამაშები 76 მატჩის მიხედვით, იგი საშუალოდ 8.6 ქულასა და 9.4 მოხსნას აგროვებდა. ამან განაპირობა, რომ All-Star-ის გამოკითხვაში უამრავი ხმა მიიღო - მათი დიდი ნაწილი თავისივე გულშემატკივრებისგან.

ზაზა აკეთებდა იმას, რასაც მისგან ითხოვდნენ - კარგად ხსნიდა ბურთებს და როცა შანსი მიეცემოდა, ქულებსაც აგროვებდა. ის სეზონი მისთვის NBA-ში ასპარეზობისას ქულებით მე-3 საუკეთესო, ხოლო მოხსნებით საუკეთესო იყო“.

ზაზა ფაჩულია „დალასში“ 2015 წელს, „მილუოკი ბაქსიდან“ გადავიდა. ტექსასელთა რიგებიდან კი, 2016 წელს, უკვე „გოლდენ სტეიტს“ მიაშურა, რომელთან ერთადაც NBA-ს ორი საჩემპიონო ბეჭედი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები