Aa
Aa

ლივერპული VS ატლეტიკო - მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგა ტურნირის მოქმედი გამარჯვებულის, „ლივერპულის“ გარეშე გაგრძელდება. მერსისაიდელებმა „ატლეტიკოს“ ბარიერი ვერ დაძლიეს და გათამაშებას 1/8 ფინალურ ეტაპზე გამოეთიშნენ.

„ენფილდზე“ გამართულ შეხვედრაში „წითლები“ უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ უამრავი მომენტი გააფუჭეს, რის გამოც დაისაჯნენ კიდეც. შეხვედრის ძირითადი დრო 1-0 დასრულდა. დამატებით დროში ფირმინომ შეაგდო და „ლივერპული“ ორი ბურთით დააწინაურა, თუმცა ადრიანის შეცდომისა და ლორენტეს გოლის წყალობით „როხიბლანკო“ ორი მატჩის ჯამში წინ გაიჭრა.

106-ე წუთზე ლორენტემ მერსისაიდელთა კარი კიდევ ერთხელ დალაშქრა. 121-ე წუთზე კი ალვარო მორატამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2-3.

კლოპი: „ატლეტიკოსთან ყველაფერმა კარგად ჩაიარა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი ენფილდზე შექმნილი გარემოა. ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს, ბოლომდე იბრძოლეს, შესანიშნავად იასპარეზეს და ლამაზი გოლები გაიტანეს, მაგრამ მაინც დავმარცხდით. სულ ესაა. ახლა კონცენტრაცია პრემიერ ლიგაზე უნდა გადავიტანოთ და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე სვლა გავაგრძელოთ. ჩემპიონთა ლიგაზე გვქონდა მომენტები, როცა ბარიერების დაძლევაში იღბალი დაგვეხმარა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავდიოდით, დღეს კი ტურნირს გამოვეთიშეთ. ალბათ გაინტერესებთ ეს როგორ მოხდა. ყველაფერი მარტივადაა. ატლეტიკომ ორივე შეხვედრა მოიგო და პლეიოფის მომდევნო რაუნდში გავიდა. დღეიდან ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის ნაცვლად, ტურნირს თვალს მაყურებლის რანგში მივადევნებთ.

ლივერპულის თამაშით კმაყოფილი ვარ. ატლეტიკოს მსგავსი გუნდების წინააღმდეგ ასპარეზობა ძალიან რთულია, მაგრამ არ მესმის ასეთ სტილში რატომ თამაშობენ, როცა მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ. მათ შეეძლოთ ნამდვილი ფეხბურთი ეჩვენებინათ, მაგრამ ღრმა დაცვაში ყოფნა და კონტრშეტევებზე თამაში არჩიეს. ბოლო ორი წლის განმავლობაში იღბალი ჩვენ მხარეს იყო. სხვანაირად ზედიზედ ორჯერ ფინალში ვერ გავიდოდით, თუმცა დღეს ფორტუნამ ზურგი გვაქცია“.

სიმეონე: „4-5-1 სათამაშო სქემაზე გადასვლა კონტრშეტევებისას სახიფათო მომენტების შექმნაში უნდა დაგვხმარებოდა და ჩვენი მოლოდინი გამართლდა. დიეგო კოშტას ნაცვლად, მარკოს ლორენტეს შეყვანა დაცვის გაძლიერებისკენ მიმართული ცვლილება იყო, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. ძალიან მიხარია და ვამაყობ, რომ კვლავ ევროპის საუკეთესო 8 გუნდს შორის მოვხვდით და უძლიერესი მეტოქის ბარიერი დავძლიეთ. ლივერპულმა შესანიშნავად იასპარეზა. ენფილდზეც საოცარი ატმოსფერო იყო, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასვლა მაინც შევძელით. ფეხბურთში მოწინააღმდეგეს ცხოვრება მაქსიმალურად უნდა გაურთულო. მაგალითისთვის, ჩვენ ვცდილობდით კოშტას, ფელიქსისა და კორეას დახმარებით მაღალი პრესინგი გვეთამაშა. ატლეტიკო ლივერპულის მეორე გოლის შემდეგაც არ დანებებულა და როცა მეტოქის კარი ავიღეთ განსაკუთრებული შეგრძნება დაგვეუფლა.

ეჭვი არ მეპარება, რომ დღესდღეობით ობლაკი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა. იანი ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, როგორც ბარსელონასთვის ლეო მესი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები