Aa
Aa

ყალბი დოკუმენტაცია - რონალდინიო პარაგვაიში დააკავეს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდინიო ყალბი დოკუმენტაციის გამოყენების გამო, პარაგვაიში დააკავეს. ინფორმაციას რამდენიმე გავლენიანი გამოცემა ადასტურებს, სოციალურ სივრცეში კი ფოტოებიც გავრცელდა, რომლებიც მოვლენებს ასახავს.

ფოტოებზე ჩანს როგორ ესაუბრებიან პოლიციის წარმომადგენლები რონალდინიოსა და მის ძმა რობერტო დე ასისს, რომელიც კიდევ ერთ სხვა პირთან ერთად, ასევე დაკავებულია. ვხედავთ, ძმების, გაყალბებული პასპორტის ფოტოებს. ერთ-ერთ მთავარ დარღვევად ის სახელდება, რომ რონალდინიო და რობერტო პასპორტში პარაგვაის მოქალაქეებად არიან მოხსენიებული.

როგორც პარაგვაის შსს-ში აცხადებენ, 39 წლის ვარსკვლავსა და მის ძმას ბრალად არასწორი სტატუსით საზღვრის გადაკვეთა ედებათ, რაც პარაგვაის მოქალაქეებად თავის გასაღებას გულისხმობს.

"რონალდინიო და მისი ძმა პატიმრობაში არ იმყოფებიან, ამ ეტაპზე მათ მიმართ გამოძიება დაიწყო. ორივეს მოუწევს, ჩვენება მისცეს, რის შემდეგაც გადაწყდება, გადავიყვანთ თუ არა მათ საპატიმროში." - განუცხადა ESPN Brasil-ს პარაგვაის შსს მინისტრმა, ეუსლიდეს ასევედომ.

ასევედომ ასევე დაამატა, რომ ფეხბურთელი და მისი ძმა გამოძიებასთან თანამშრომლობენ და აცხადებენ, რომ ისინი იმ ადამიანმა მოატყუა, რომელიც მათთან ერთად დააკავეს.

საქმე ისაა, რომ რონალდინიო 2018 წელს გარემოსდაცვითი წესების დარღვევის (დაცულ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობის დაწყება) გამო ბრაზილიაში გაასამართლეს და ქვეყნის პასპორტი ჩამოართვეს, რასაც 8.5 მილიონის ჯარიმაც დაემატა. იმის გამო, რომ ფეხბურთელს ჯარიმა ჯერაც არ გადაუხდია, მას არც თავისი ქვეყნის პასპორტი აქვს და ბრაზილიის საზღვრების დატოვებაც აკრძალული ჰქონდა.

პარაგვაის პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ასევე წერია, რომ ძმები პარაგვაიში ერთ-ერთი კაზინოს მფლობელმა, ნელსონ ბელოტიმ მიიწვია. მათ ამ მიწვევის ფარგლებში რამდენიმე სოციალურ ღონისძიებაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები