კორონავირუსი, იაპონელი გულშემატკივრები და ლაიფციგის ბოდიში
Aa
Aa

კორონავირუსი, იაპონელი გულშემატკივრები და ლაიფციგის ბოდიში

„ლაიფციგმა" 20 იაპონელ გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა. საქმე კვირას მომხდარ ინციდენტს ეხება. „ლევერკუზენთან" მატჩისას „რედ ბულ არენაზე" მისულ იაპონელ ქომაგებს იმის გამო, რომ ისინი შესაძლოა კორონავირუსით ყოფილიყვნენ დაინფიცირებულები, სტადიონი დაატოვებინეს.

როგორც ირკვევა შეხვედრის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ, მათთან დაცვის სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და „რედ ბულ არენას" დატოვება მოსთხოვეს.

ცოტა ხნის წინ „ლაიფციგმა" ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა: „იაპონელ ქომაგებთან მიმართებით შეცდომა დავუშვით და გვინდა მათ მოვუბოდიშოთ. კორონავირუსის პრობლემასთან გამკლავებას რაც შეეხება, მუშაობას ვაგრძელებთ და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ყოველდღიურად ვითანამშრომლებთ, რათა საუკეთესო გამოსავალს მივაგნოთ".

გერმანულმა კლუბმა აღიარა, რომ სტადიონის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს ზომების გამკაცრება მოსთხოვა. თუმცა ერთ-ერთმა იაპონელმა გულშემატკივარმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ სტადიონზე უპრობლემოდ შევიდა. ამავე ქომაგმა მოგვიანებით პოსტი წაშალა და აღნიშნა: „მატჩის დაწყების შემდეგ, ჩემთან რედ ბულ არენის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები მოვიდნენ და მითხრეს, რომ იყო შანსი კორონავირუსი მქონოდა, რადგან იაპონელი ვარ. ამის გამო, თამაშის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ, სტადიონიდან გამომაგდეს".

მომხდარს „ლაიფციგიც" ადასტურებს და აცხადებს, რომ კლუბის წარმომადგენლები დაზარალებულებს უკვე შეხვდნენ, მათ ბოდიში მოუხადეს და სტადიონზე მიიწვიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები