Aa
Aa

სიტუაცია უცვლელია - გოგას 2 წუთი და „ინდიანას" მარცხი „კლიპერსთან"

გამთენიისას გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ საშინაო კედლებში დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერს, ლოს-ანჯელეს „კლიპერსს“ დაუპირისპირდა. დოკ რივერსის გუნდს საკადრო პრობლემები ჰქონდა, თუმცა სასურველი შედეგი მაინც დააფიქსირა და დამაჯერებლად - 110-99 იმარჯვა.

„კლიპერსის“ წინააღმდეგ 20 წლის ქართველმა ცენტრმა პარკეტზე სულ რაღაც 2 წუთი და 10 წამი გაატარა, რა დროშიც ბითაძეს თავი არაფრით გამოუჩენია.

ლოს-ანჯელესელთა გამარჯვებაში ლომის წვლილი პოლ ჯორჯმა და მონტრეზლ ჰერელმა შეიტანეს. „პიჯი13-მა“ ყოფილ გუნდს 36 ქულა ჩაუგდო. ჰერელის ანგარიშზე კი 26 ქულა და 8 მოხსნა გახლდათ.

„ინდიანას“ რიგებში 20 ქულით საუკეთესო მალკოლმ ბროგდონი იყო. დომანტას საბონისმა პერსონალური რეკორდი გაიფორმა და 22 მოხსნა მიითვალა, რასაც 18 ქულა მიუმატა. სათადარიგოთა სკამიდან შესულმა დაგ მაკდერმოტმა კი მატჩი 17 ქულით დაასრულა.

„კლიპერსთან“ მარცხის შემდეგ, ბითაძის გუნდს 15 მოგება და 9 წაგება აქვს. „პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსეა და მომდევნო შეხვედრაში რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. 12 დეკემბერს „ინდიანა“ საკუთარ კედლებში მეორეადგილოსან „ბოსტონ სელტიქსს“ შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები