ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი 6 დეკემბერს დაიწყება
Aa
Aa

ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი 6 დეკემბერს დაიწყება

6 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2019-2020 წ.წ სეზონი აიღებს სტარტს.

ამასთან დაკავშირებით, ილიაუნის წიგნის სახლში  ფუტსალის ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ის ახალი სეზონის წილისყრა გაიმართა.

ფუტსალის ლიგის წლევანდელ გათამაშებაში 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ერთმანეთს სამ წრედ დაუპირისპირდებიან. რის შემდეგაც საუკეთესო ოთხეული პლეი-ოფში განაგრძობს ასპარეზობას. 1/2 ფინალური და ფინალური შეხვედრები სამ მოგებამდე გასტანს. ორ მოგებამდე გაგრძელდება „ბრინჯაოს ფინალი“ .

ზედა ლიგის მსგავსად, 6 გუნდი იქნება წარმოდგენილი ლიგა 2-ში. სამი წრის შემდეგ, უმაღლესი ლიგის საგზურისთვის საუკეთესო ოთხეული განაგრძობს ბრძოლას. 1/2 ფინალური და ფინალური შეხვედრები ორ მოგებამდე გაგრძელდება.

წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ, გუნდები პარალელურად ფუტსალის ლიგის თასის გათამაშებაში ჩაერთვებიან. სადაც ჯამში, წრიული ეტაპის შედეგების მიხედვით, საუკეთესო 8 გუნდი იასპარეზებს. ფინალისტი და თასის მფლობელი სპეციალური ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის, 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ფუტსალის ლიგის რიგით მეხუთე სეზონსაც მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ.

სეზონის პირველი სათამაშო დღე 6 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს სტარტს. ფუტსალის ლიგა 2-ში 13:00 საათზე თსუ 2-სა და დებიუტანტი ევროპის უნივერსიტეტის შეხვედრა გაიმართება, 15:00 საათზე საქართველოს უნივერსიტეტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს დაუპირისპირდება, 21:00 საათზე კი პსპ ლიგის კიდევ ერთ დებიუტანტს, გორს გაეჯიბრება.

ფუტსალის ლიგა 17:00 საათზე თსუ-სა და თბილისის მატჩით დაიწყება. 19:00 საათზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თელასისა და ლიგა 2-დან გადმოსულ ილიაუნის დაპირისპირება აიღებს სტარტს. 

7 დეკემბერს ქუთაისის სპორტის სასახლეში 14:00 საათზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ადგილობრივ მართვეს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები