გოგას ჩატენვა და
Aa
Aa

გოგას ჩატენვა და "ინდიანას" მორიგი გამარჯვება

გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" მორიგი გამარჯვება მოიპოვა და საკუთარ კედლებში "მემფისი" 126-114 დაამარცხა. დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერთან მატჩში 20 წლის ქართველ ცენტრს საკმაოდ ცოტა სათამაშო დრო მიეცა.

გოგამ პარკეტზე 7 წუთი და 24 წამი გაატარა და აქტივში 4 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება ჩაიწერა. ბითაძემ 3-დან 1 ორქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ გოგას ერთადერთი ორქულიანი ეფექტური ჩატენვა გახლდათ.

"ინდიანას" რიგებში საუკეთესო ტი ჯეი უორენი იყო, რომელმაც 26 ქულა დააგროვა. ჯერემი ლემბმა თავი 19 ქულას მოუყარა. აარონ ჰოლიდეი 16 ქულით გამოირჩა, ხოლო საბონისი 13 ქულასა და ამდენივე მოხსნას დასჯერდა.

"მემფისთან" გამარჯვების შემდეგ "ინდიანას" ანგარიშზე 10 მოგება და 6 წაგებაა. "პეისერსი" აღმოსავლეთ კონფერენციის მეექვსე ადგილს იკავებს და შემდეგ შეხვედრას 28 ნოემბერს, საკუთარ კედლებში "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები