ვაისი:
Aa
Aa

ვაისი: "მეორე ტაიმში უკეთესი გუნდი ვიყავით, სამწუხაროდ არ გაგვიმართლა"

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლი საქართველოს ნაკრებმა მარცხით დაასრულა. ვლადიმირ პეტკოვიჩის ფორმაციის შვეიცარიამ სენტ. გალენში ვაისის გუნდი 1:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა 8 ტურში 8 ქულა მოაგროვა, აუტსაიდერ გიბრალტარს ორივე მატჩი მოუგო, ხოლო დანიასთან და ირლანდიასთან საშინაო მატჩები ფრედ დაასრულა.

შეხვედრის შემდეგ, ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე განვლილი დაპირისპირება და შესარჩევი ციკლი შეაფასა, ასევე საქართველოს ნაკრებში თავის მომავალზეც ისაუბა:

"საწყისი ოცი წუთი შვეიცარიამ შეტევაში ძალიან კარგად ითამაშა. ამის შემდეგ თამაშის გადაწყობა მოვახერხეთ, უფრო მეტს ვმოძრაობდით და მეორე ტაიმში უკეთესი გუნდი ვიყავით, სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა და მცირე შეცდომის შედეგად, გოლი მივიღეთ. საბოლოო ჯამში, გულშემატკივარმა ორივე გუნდის შესრულებით მაღალი დონის თამაში იხილა.

​ვულოცავ შვეიცარიას მოპოვებულ გამარჯვებას, ვთვლი, რომ ჯგუფის საუკეთესო გუნდთან დავმარცხდით. შვეიცარიის ნაკრებს და მის მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ პეტკოვიჩს გიბრალტარის წინააღმდეგ გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას ვუსურვებ.

მეორე ტაიმში ყაზაიშვილმა კარგად ითამაშა. ქვილითაიამ კარგად იბრძოლა, აკანჯის, ელვედისა და როდრიგესის წინააღმდეგ თამაში ადვილი ნამდვილად არაა. კარგი მატჩი ჩაატარა იან სომერმაც, მაგრამ გიორგი ლორია დღეს ბრწყინვალე იყო. ჩვენ ორი-სამი კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ ისინი უნდა გამოგვეყენებინა. როგორც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, თუ წარმატების მიღწევა გვსურს გოლები უნდა გავიტანოთ. შეტევაში მეტი ხარისხი უნდა ვაჩვენოთ და საჯარიმოში უფრო აგრესიულები ვიყოთ. ვაკო ყაზაიშვილმა შესანიშნავი სოლო რეიდი განახორციელა, მაგრამ სომერმა კარგად ითამაშა.



კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საწყისი ოცი წუთი შვეიცარია უკეთესი გუნდი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენ ვაჯობეთ. მეტოქეს ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავდა, მაგრამ ჩემმა ფეხბურთელებმაც მაღალ დონეზე ითამაშეს, მსურს მათ ამის გამო კომპლიმენტი ვუთხრა. დაცვაში და შეტევაში კარგად ვმოქმედებდით, კარგი ბალანსი გვქონდა. ჯაბა კანკავამ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, ასევე კარგი იყო შენგელია და 18 წლის დავითაშვილი.

შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ კმაყოფილი ვარ თამაშის იმ ხარისხით, რომელიც ჩემმა გუნდმა აჩვენა. სამწუხაროდ, ერთი შეცდომა დავუშვით და ამის გამო დავმარცხდით. ყველა გუნდისთვის რთულია შვეიცარიის წინააღმდეგ 90 წუთის განმავლობაში თანაბარ ტემპში თამაში." - ვაისის სიტყვებს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ გვერდი არვცელებს.

ფოტო - gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები