ვენგერი:''მენატრება დაძაბულობა, გუნდური წარმატება და ემოციების გაზიარება''
Aa
Aa

ვენგერი:''მენატრება დაძაბულობა, გუნდური წარმატება და ემოციების გაზიარება''

ნიკო კოვაჩთან დამშვიდობების შემდეგ მიუნხენის ''ბაიერნი'' გეგმავს არსენ ვენგერს კონტრაქტი შესთავაზოს. 2018 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ფრანგი სპეციალისტი უმუშევარია და არ მალავს, რომ ფეხბურთში დაბრუნების დიდი სურვილი აქვს.

ვენგერის კანდიდატურა მას შემდეგ გახდა რეალური, როცა კოვაჩი გუნდიდან წავიდა და ''აიაქსის'' მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ჰოლანდიურ გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩენა გადაწყვიტა. მიუნხენურ გრანდს რალფ რანგნიკმაც უარით უპასუხა, რომელიც შესაძლოა ''მანჩესტერ იუნაიტედში'' სპორტულ დირექტორად ვიხილოთ ან გერმანელმა სულშერი შეცვალოს.

ვენგერი, რომელიც გერმანულად თავისუფლად საუბრობს, ''ბაიერნის'' გაწვრთნის მთავარი კანდიდატია.

კითხვაზე დაინტერესებულია თუ არა ''ბაიერნში'' მუშაობით, 70 წლის მწვრთნელმა შემდეგი პასუხი გასცა:''რა თქმა უნდა მენატრება დაძაბულობა, ინტენსიურობა, რაც ფეხბურთს თან ახლავს. რაღაცები მეტად მენატრება, რაღაცები არ მენატრება. მწვრთნელად მუშაობისას სიამოვნებას მანიჭებდა რაღაცები, რაც ახლა არ მენატრება.

მეორე მხრივ საფეხბურთო მატჩები, გამარჯვებები საფეხბურთო შეხვედრებში, გუნდის მომზადება მატჩისთვის, მიზნის მიღწევა, წარმატება და ემოციების გაზიარება. ეს არის, რაც მენატრება.

ადამიანები, ვინც კარგად მიცნობენ, ფიქრობენ რომ ახლა უფრო მეტად დასვენებული ვარ.''

არსენ ვენგერი 1984-87 წლებში ''ნანსის'' მთავარი მწვრთნელი იყო, 1987-დან 1994 წლამდე ''მონაკოს'' წვრთნიდა. იაპონიაში ერთწლიანი მუშაობის შემდეგ 1996 წელს ''არსენალთან'' კონტრაქტი გააფორმა, სადაც კარიერის ყველაზე შთამბეჭდავი წლები გაატარა და ''მეთოფეებს'' 2018 წლის ზაფხულამდე წვრთნიდა.

კოვაჩის წასვლის შემდეგ ''ბაიერნის'' მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ჰანს-დიტერ ფლიკია, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა პირველი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარა და პედრუ მარტინშის ''ოლიმპიაკოსს'' ლევანდოვსკისა და პერიშიჩის გოლებით მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები