მაკარიძე:
Aa
Aa
22 ოქტომბერი 2019  |  17:02

მაკარიძე: "ბენფიკაში" ჩაშლილ ტრანსფერზე 1 წელი ვფიქრობდი"

ერთ-ერთმა გამორჩეულმა პორტუგალიურმა გამოცემა A Bola-მ "სეტუბალის" ქართველ მეკარე გიორგი მაკარიძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ჟურნალის ხვალინდელ ნომერში დაიბეჭდება. დღეს კი გამოცემის საიტზე ინტერვიუს რამდენიმე საინტერესო მონაკვეთი გამოქვეყნდა.

A Bola მაკარიძეს "მორეირენსეს" მხრიდან შექმნილ პრობლემებზე, "ბენფიკასა" და "ბრაგაში" ჩაშლილ ტრანსფერებზე და სხვა თემებზე ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს გადმოქართულებულ ვერსიას:

"ის, რაც "მორეირენსეში" მოხდა, გაუგებრობა იყო და სიმართლე გითხრათ, დღემდე ვერ ვხვდები, ასე რატომ მოიქცნენ. პრეზიდენტს არ სურდა, რომ მეთამაშა. არ მგონია, ამ გუნდში გატარებული პერიოდიდან გამომდინარე, ასეთი დამოკიდებულება დამემსახურებინა. თუმცა, დანებებაზე არასდროს მიფიქრია და ვიცოდი, რომ უფრო ძლიერი დავბრუნდებოდი. ეს ასეც მოხდა.

"ბენფიკაში" გადასვლასთან მართლაც ახლოს ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ, გარიგება არ შედგა. შემდეგ "ბრაგა" დამიკავშირდა, რომელმაც ინტერესი თავად გამოხატა, თუმცა იქ გადასვლაზე, ბევრი ფაქტორის გამო, უარი ვთქვი. ვაღიარებ, ეს ცუდი გადაწყვეტილება იყო.

რა თქმა უნდა, ასეთ გუნდებში ჩაშლილი ტრანსფერების შემდეგ იმედგაცრუებული ვიყავი. ამ ყველაფერზე ფიქრი თითქმის 1 წლის განმავლობაში არ მშორდებოდა. ფეხბურთელის მიზანია, მაქსიმალურად მაღალ დონეზე ითამაშოს, მაგალითად ისეთ ტურნირზე, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა".

გიორგი მაკარიძემ "მორეირენსესთან" ერთად 2016-2017 წლებში პორტუგალიის ლიგის თასი მოიგო. ქართველი მეკარე ჩრდილოელთა ძირითადის უცვლელი წევრი იყო და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

29 წლის მაკარიძე ამჟამად "სეტუბალის" შემადგენლობაში თამაშობს და პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მიმდინარე სეზონში შვიდივე მატჩში ითამაშა, მათგან 5 თამაშში კი კარი მშრალად შეინახა - გოლები მხოლოდ "პორტუმ" და "ბენფიკამ" გაუტანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები