Aa
Aa

ვაისის გუნდის კარგი მატჩი: საქართველომ ჯგუფის ლიდერს ქულები დააკარგვინა

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მორიგ ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ''დინამო არენაზე'' ირლანდიას უმასპინძლა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩში უგოლოდ დაასრულა, თუმცა დანიასთან და ირლანდიასთან ჩატარებული შეხვედრები დადებითად უნდა შევაფასოთ. სკანდინავიური ნაკრები გაცილებით მაღალი დონისაა, თუმცა დღევანდელ მატჩში ვლადიმირ ვაისის გუნდს გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა.

საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან ნავსი კვლავ ვერ გატეხა, ქართველებმა ირლანდიელებთან გამარჯვება ვერც ამჯერად მოიპოვეს. მეორე მხრივ  ჯგუფის ლიდერმა თბილისში მიზანს ვერ მიაღწია და საქართველოს დედაქალაქი 1 ქულით დატოვა.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა მატჩი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა, საშემსრულებლო დონის თვალსაზრისით საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს აჯობა, რაც ბურთის კონტროლში გამოიხატებოდა.

პირველ ტაიმში გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი მიკ მაკარტის გუნდს ჰქონდა, როცა საწყის წუთებში სტუმრებმა საჰაერო ბრძოლა მოიგეს და ბურთი ლორიას კარის ძელს მოხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ქვილითაიას ''გენტში'' სათამაშო პრაქტიკის პრობლემა აქვს, დღევანდელ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა საკმაოდ კარგად ითამაშა და არაერთხელ აჯობა ირლანდიელთა მცველებს. ანალოგიურად შეგვიძლია შევაფასოთ სხვა ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც თავი კარგად წარმოაჩინეს.

90-ე წუთზე ირლანდიის ნაკრებს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ლორიამ კარგად ითამაშა. დამატებულ წუთზე ''ბრაიტონის'' ნახევარმცველი აარონ კონოლი მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა გრიგალავამ სივრცე შეუზღუდა და მახვილი კუთხიდან არაზუსტად დაარტყა.

მსაჯის მიერ დამატებულ უკანასკნელ წუთზე ირლანდიამ კუთხურის შესრულების უფლება მოიპოვა, თუმცა სტუმართა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, ლორიამ ამჯერადაც დამაჯერებლად იმოქმედა, ბურთი დაიჭირა და მთავარმა არბიტრმა შეხვედრა დაასრულა.

ვლადიმირ ვაისის გუნდი შემდეგ მატჩს სტუმრად გიბრალტართან ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები