პრობლემები „მანჩესტერში“ – „შევროლე
Aa
Aa
11 ოქტომბერი 2019  |  13:06

პრობლემები „მანჩესტერში“ – „შევროლე" "ოლდ ტრაფორდს" ტოვებს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ახალი სპონსორის ძიებაშია. პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ „შევროლემ“, რომლის ლოგოც „წითელი ეშმაკების“ მაისურზე გახლავთ გამოსახული, კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს.

ამერიკულმა კომპანიამ 2012 წელს, როცა „მანჩესტერის“ თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი იყო და გუნდი ყოველწლიურად ყველა ტურნირის მოსაგებად იბრძოდა „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრებთან 410 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.

ხელშეკრულება 7 წელზე გახლდათ გათვლილი და 2014 წლიდან ამოქმედდა. ამ პერიოდში „წითელ ეშმაკებს“ თავი არაფრით გამოუჩენიათ და პრემიერ ლიგის დასაკუთრება ვერ მოახერხეს. ჩემპიონთა ლიგაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. „მანჩესტერს“ პრობლემები წლევანდელ სეზონშიც აქვს. ოლე გუნარ სულშერის კოლექტივს გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულა აშორებს.

General Motors-თან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით Daily Mail იტყობინება, რომ კომპანია „წითელი ეშმაკების“ გამოსვლით უკმაყოფილოა და მომდევნო სეზონის ბოლოს, როცა კონტრაქტი ამოიწურება, მათთან თანამშრომლობის გაწყვეტას გეგმავს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ინფორმაციით „შევროლე“ ხელშეკრულების გახანგრძლივებას არც აპირებდა. ამერიკულ კომპანიაში თვლიან, რომ მათ „მანჩესტერს“ თავიდანვე ძალიან ბევრი გადაუხადეს. საინტერესოა, რომ „იუნაიტედთან“ კონტრაქტის გაფორმებიდან 48 საათის შემდეგ „შევროლემ“ დაითხოვა ის ადამიანი, რომელმაც ბრიტანელებთან შეთანხმებას მიაღწია.

როგორც ირკვევა „მანჩესტერი“ „შევროლესგან“ ყოველწლიურად 58.6 მილიონ ფუნტს იღებს. მაშინ, როცა Aon-მა (2010-14) სეზონში 19.6 მილიონი ფუნტი, AIG (2006-10) 14.1 მილიონი ფუნტი, ხოლო Vodafone-მა (2000-06) 8 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები