Aa
Aa

ევროშესარჩევი: 19-წლამდე ნაკრების ბრწყინვალე გამარჯვება უნგრეთში!

ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა უნგრეთი 4:2 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში ''რუბინის'' ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალე დარტყმით მე-11 წუთზე გახსნა. 26-ე წუთზე უნგრეთის ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია 32-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალა. ამ ეტაპზე უცნობია კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმე. 

42-ე წუთზე უნგრეთის ნაკრები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა, რადგან მთავარმა მსაჯმა უნგრელ მოთამაშეს წითელი ბარათი უჩვენა. მატჩის დარჩენილი დრო ქართველებმა რიცხვობრივ უპირატესობაში გაატარეს.

10-კაციანი უნგრეთის ნაკრები 49-ე წუთზე დაწინაურდა, სკრიბეკმა პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში 2:1 გახდა, თუმცა შემდეგ გოლები მხოლოდ უნგრელთა კარში გადიოდა.

62-ე წუთზე მექვაბიშვილის საგოლე პასით გიორგი გულიაშვილმა ანგარიში გაათანაბრა. 65-ე წუთზე მოისწრაფიშვილმა საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა.

მატჩის საბოლოო ანგარიში 82-ე წუთზე მექვაბიშვილმა დააფიქსირა.

რამაზ სვანაძის გუნდმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: კუტალაძე, კალანდაძე, ჯანგიძე, გელაშვილი, კაპანაძე (ჭავჭანიძე 86), დავითაშვილი (ნონიკაშვილი 86), მექვაბიშვილი, მესიაჩენკო (იაკობიძე 60), აზაროვი, გულიაშვილი, კვარაცხელია (მოისწრაფიშვილი 32)

მე-13 ჯგუფში პირველი ტურის მეორე შეხვედრაც გაიმართა. ხორვატიის ნაკრებმა ყაზახეთი 3:0 დაამარცხა. 12 ოქტომბერს მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ყაზახეთს შეხვდება, ხორვატია კი - უნგრეთს.

შეგახსენებთ, პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ელიტ-რაუნდში ითამაშებენ.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები