Aa Aa
9 ოქტომბერი 2019  |  00:47

კოკაია:''ფონდის მუშაობამ კოშმარული შედეგი მოიტანა''

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე ამბობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხა საკმარისი არაა.

ფეხბურთის დაფინანსების საკითხზე ''მთავარ არხი'' გიორგი კალანდაძესა და ილია კოკაიას ესაუბრა.

გიორგი კალანდია:''ფონდიდან მიღებული სახსრები არ არის იმდენად კოლოსალური, რომ აღნიშნული სახსრები ეყოს ინფრასტრუქტურის განვითარებას. გეცოდინებათ პატარა სტადიონის გაკეთება 2 ან 3 მილიონი მაინც ჯდება.

საბაზისო დაფინანსება ითვალისწინებს 800 000 ლარს, დამატებით პრემიალური ფონდია....

ხუთწლიან პროგრამაში ინფრასტრუქტურისთვის 41 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. სავარაუდოდ, აღნიშნული თანხა საკმარისი არ იქნებოდა.''

საფეხბურთო კლუბ ''ზესტაფონის'' პრეზიდენტი ილია კოკაია ფეხბურთის განვითარების ფონდის მუშაობით უკმაყოფილოა და კრიტიკულადაა განწყობილი. კოკაია აღნიშნავს, რომ თანხების დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს უნდა მოხმარებოდა. კოკაია მიიჩნევს, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება კერძო სექტორის მხრიდან დიდ ინტერესს განაპირობებდა.

ილია კოკაია:''რამდენი სტადიონიც გაკეთდა, ყველა საბიუჯეტო დაფინანსებით გაკეთდა. ერთ კლუბსაც კი არ გაუკეთებია სტადიონი. როცა ''ზესტაფონში'' მოვედი, უპირველესად  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ვიზრუნე. ასე მოიქცა რომან ფიფია, როცა ''დინამოში'' მივიდა.

მე ფედერაციის კრიტიკა არ მინდა, მაგრამ ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ გადანაწილებული ფულით კოშმარული შედეგი მივიღეთ. როცა ''ზესტაფონში'' აქტიურად ვმუშაობდი, კერძო სექტორის შენატანი ქართულ საკლუბო ფეხბურთში 20-დან 25 მილიონამდე მერყეობდა. ორი წლის წინ წავიკითხე ფეხბურთის განვითარების ფონდის ანგარიში, სადაც ეწერა, რომ კერძო სექტორმა საკლუბო ფეხბურთში 800 000 შეიტანა.''

ფოტო: საფეხბურთო კლუბ ''ზესტაფონის'' პრესსამსახური

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები