პუტინმა თუ არა, "რუბინმა" აღიარა!
ევროპაში საკლუბო სეზონი სანაკრებო პაუზაზე გავიდა და 2 კვირა გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებსა და ამხანაგურ შეხვედრებს იხილავს.
დღეს ერთი მეტად სასიამოვნოდ გასაოცარი ფაქტი დაფიქსირდა. როგორც მოგეხსენებათ, ყაზანის „რუბინში“ მოთამაშე ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში არიან გამოძახებულნი.
„რუბინის“ ოფიციალურმა თვითერის გვერდმა რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა პოსტი (ფოტო) სადაც ეწერა, რომ მათი 8 ფეხბურთელი თავიანთ ნაკრებებში გაემგზავრნენ.
ფოტოზე დავითაშვილი და კვარაცხელიაც იყო აღბეჭდილი, რომლებიც საქართველოს რუკის ფონზე იყვნენ. ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ სრულ საზღვრებში იყო წარმოდგენილი.

გასაკვირი ალბათ არ არის, რომ ხსენებული პოსტი მალევე წაიშალა და სავარაუდოდ მის ავტორს ახსნა განმარტებების მიცემა მოუწევდა. ხსენებული ადამიანის ადგილზე ყოფნა ალბათ ახლა არავის ენდომება...
CrystalSport-მა ფოტოს გადმოწერა და პოსტის „დასქრინვა“ მოასწრო და მას უცვლელად გთავაზობთ.
