ვილი სანიოლი
Aa
Aa

სანიოლი: ჩვენი მიზანი ამ ლიგაში კარგი თამაშის ჩვენებაა

დღეს უეფას ერთა ლიგის 2026/2027 წლის სეზონის გათამაშების წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვა.

წილისყრის შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა.

„ერთა ლიგის ბოლო გათამაშებაში ვნახეთ, რომ უკრაინა საკმაოდ რთული მეტოქეა. უნგრეთი ცოტა ხნის წინ, ლიგა A-ში ასპარეზობდა, ხოლო ბოლო 10 წლის განმავლობაში კარგი შედეგები ჰქონდა. ასე რომ, რთული მატჩები გველის. ჩრდილოეთ ირლანდია ბრიტანული სტილის, მაღალი ინტენსივობით მოთამაშე გუნდია, რომელსაც სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია. თუმცა ჩვენი მიზანი ამ ლიგაში კარგი თამაშის ჩვენებაა. საქართველოს ნაკრების განვითარების გასაგრძელებლად, აუცილებელია მაღალ დონეზე თამაში. ამიტომ ამ ლიგაში ადგილის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოებს, სრული კონცენტრაციითა და მოტივაციით უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ფეხბურთელები მოტივირებულები იქნებიან და იმედი მაქვს, ამას სექტემბერში აჩვენებენ“, - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფში მოხვდა: უნგრეთი, უკრაინა, საქართველო, ჩრდილოეთ ირლანდია.

უეფას ერთა ლიგის შეხვედრები 2026 წელს გაიმართება. I ტური: 24-26 სექტემბერი. II ტური: 27-29 სექტემბერი. III ტური: 30 სექტემბერი-3 ოქტომბერი. IV ტური: 4-6 ოქტომბერი. V ტური: 12-14 ნოემბერი .VI ტური: 15-17 ნოემბერი

გეტყვით ასევე, რომ ერთა ლიგის გასულ გათამაშებაში ჩვენი მეტოქეები ჩეხეთი, უკრაინა და ალბანეთი იყვნენ. საქართველომ 7 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და პლეიაუტში სომხეთს დაუპირისპირდა, რომლის დამარცხებითაც B ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენთვის საკვანძო ფეხბურთელია“ | ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე
„ჩვენთვის საკვანძო ფეხბურთელია“ | ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე