Aa
Aa

ვერონი: "პრემიერ ლიგა სერია A-ზე გაცილებით მარტივია"

ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი, ხუან სებასტიან ვერონი, იტალიისა და ინგლისის ჩემპიონატებში გატარებულ პერიოდებს იხსენებს და ამ ტურნირებს ერთმანეთს ადარებს.

44 წლის ვარსკვლავის განცხადებით, პრემიერ ლიგა უფრო იოლი სათამაშოა, ვიდრე სერია A, რადგან იტალიაში ტაქტიკურ ასპექტებს დიდი ყურადღება ექცევა. არგენტინელმა ინტერვიუს ბოლოს თავისი ფავორიტი მწვრთნელიც დაასახელა.

„როცა სერია A-ში გადავედი, ამ ლიგას საუკეთესო ხანა ედგა. მდიდარი იყო ვარსკვლავებით და შესანიშნავი მატჩები იმართებოდა. იტალიის ჩემპიონატი ძალიან რთული სათამაშოა, რადგან ტაქტიკურ ასპექტებს დიდი ყურადღება ეთმობა.

თუკი სერია A-ს პრემიერ ლიგასთან შევადარებთ, აღმოვაჩენთ, რომ ის იტალიის ჩემპიონატზე გაცილებით მარტივია და ეს ორი ჩემპიონატი სრულიად განსხვავდება. ინგლისში ტაქტიკა მეორე პლანზეა და ძირითადი აქცენტი ფიზიკურ მომზადებასა და წინ და უკან სირბილზე კეთდება.

სიმართლე გითხრათ, ფეხბურთელობისას ტაქტიკას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი, თუმცა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი გახლდათ გუნდურობა და ყველანაირად ვცდილობდი, მუდამ გუნდის ნაწილი ვყოფილიყავი.

რაც შეეხება მწვრთნელს, ვისთან ერთადაც ოდესმე მიმუშავია, საუკეთესო სვენ-გორან ერიქსონია. მის გუნდში თამაშისას არანაირი პრობლემა არ მქონია. თითოეული ფეხბურთელი მენტალურად ძლიერი იყო, რაც სწორედ ერიქსონის დამსახურება გახლდათ. იგი ყველა ფეხბურთელს კარგად ეწყობოდა, რაც საბოლოოდ, გამარჯვებებს განაპირობებდა, განსაკუთრებით ეს „ლაციოში“ გატარებულ პერიოდზე ითქმის“.

ვერონმა ერიქსონთან ერთად 5 წლის განმავლობაში იმუშავა, ისინი ერთი სეზონი „სამპდორიაში“ გადაიკვეთნენ, შემდეგი ოთხი წელი კი წარმატების მოტანას „ლაციოსთვის“ ცდილობდნენ.

ხუან სებასტიან ვერონმა საფეხბურთო კარიერა 2017 წელს, „ესტუდიანტესის“ ფეხბურთელის რანგში დაასრულა. მან არგენტინის ნაკრების რიგებში 3 მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, ჯამში კი „ალბისელესტეს“ მაისური 73 შეხვედრაში მოირგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები