კალათბურთელი, რომელსაც
Aa
Aa

კალათბურთელი, რომელსაც "ინდიანაში" ჯერ არ უთამაშია, მაგრამ თანაგუნდელები უკვე აქებენ

გოგა ბითაძის ბავშვური და განსაკუთრებული ხასიათი „ინდიანა პეისერსის“ ყოველწლიურ ღონისძიებაზე მშვენივრად გამოჩნდა. 20 წლის მძიმე ფორვარდი, რომელიც სიმაღლეში 211 სანტიმეტრია ჟურნალისტებით გარშემორტყმულ ტიჯეი მაკკონელს მიუახლოვდა. გოგამ ტელეფონი ამოიღო, რეპორტიორის პოზა მოირგო და მაკკონელს ხუმრობით ჰკითხა: "რა იცი ჩემი სამშობლოს, საქართველოს შესახებ"?

„ინდიანას“ გამთამაშებელმა უპასუხა: „აბსოლუტურად არაფერი“. შემდეგ კი ბითაძეს კითხვა შეუბრუნა: „შენ რა იცი ჩემი მშობლიური ქალაქის, პიტსბურგის შესახებ“. „ოჰ, არაფერი“. განაცხადა გოგამ და მის პასუხს იქვე მყოფი ჟურნალისტების სიცილი მოჰყვა.

„პეისერსის“ კალათბურთელებს შორის გამართული დიალოგი იდეალურად ასახავს, რომ გოგა კომუნიკაბელური ადამიანია. 2019 წლის დრაფტის მე-18 ნომერი ახალ გუნდში ფეხს ნელ-ნელა იკიდებს და პრობლემების გადალახვის შემდეგ ხუმრობისა და სიცილის განწყობაზეა.

ბითაძე ამბობს, რომ ორი თვეა ქალაქში იმყოფება და თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობს. ევროლიგის გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდის დებიუტი გაცილებით ადრე შედგებოდა, მაგრამ ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ყველაფერი გართულდა. ნიჭიერი ცენტრი აცხადებს, რომ საქართველოში ყოფნა და ლოდინი მისთვის ძალიან გულდასაწყვეტი გახლდათ.

„საშინელება იყო. ყოველდღე მზად უნდა ვყოფილიყავი. მათ უნდა დაერეკათ და გასაუბრებაზე წავსულიყავი. ვეუბნებოდი ხოლმე, რომ ინდიანა პეისერსთან ერთად საზაფხულო ლიგაზე თამაში მსურდა, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო დროულად ჩამოსვლა ვერ მოვახერხე“.

ბითაძე ინდიანაში საზაფხულო ლიგის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩავიდა. გოგას მშვენივრად მოეხსენებოდა, რომ მისი არყოფნის გამო, კითხვის ნიშნები გაჩნდა.

„ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს თამაში არ მინდოდა ან რაღაც მსგავსი“.

„პეისერსის“ მთავარი მწვრთნელი, ნეიტ მაკმილანი ბითაძის იმედგაცრუებას იზიარებს და დასძენს, რომ „ინდიანას“ ახალწვეულს შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, საზაფხულო ლიგის მატჩებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებდა.

„ყველაფერი ვცადეთ, რაც შეგვეძლო, რომ ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება დაგვეჩქარებინა. დრაფტზე მისი არჩევის შემდეგ, გოგას დავურეკეთ და მასთან ეს საკითხი განვიხილეთ“.

„მოხარული ვიქნებოდი ბითაძეს ლას-ვეგასის საზაფხულო ლიგაზე რომ ეთამაშა. საწმუხაროდ არაფერი გამოვიდა, მაგრამ აგვისტოში და სექტემბერში გამართულ ვარჯიშებზე მისი ხილვა კარგი შეგრძნება იყო“.

„პეისერსის“ კალათბურთელებმა გოგას თამაში პირველად სწორედ ამ ვარჯიშებზე ნახეს. ბითაძე ყოველწლიურ ღონისძიებაზე მყოფმა „ინდიანას“ ყველა კალათბურთელმა შეაქო, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს.

სამწუხაროდ „პეისერსის“ ვარჯიშებში მაილს ტერნერმა და დომანტას საბონისმა მონაწილეობა ვერ მიიღეს. ისინი ამ დროს კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე იყვნენ. მიუხედავად ამისა, ბითაძე თვლის, რომ თანაგუნდელებთან ერთად პარკეტზე გატარებული დრო მისთვის სასარგებლო იყო.

„თანაგუნდელები გავიცანი. ისინი კარგი ბიჭები არიან. გასახდელში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს და გუნდში კარგი ქიმია გვაქვს. თანაგუნდელების უკეთ გაცნობა აუცილებელია. საჭიროა ვიცოდე ისინი პარკეტზე როგორ მოქმედებენ“.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები