კობიაშვილი:''ფეხბურთში ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის უნდა იბრძოლო''
Aa
Aa

კობიაშვილი:''ფეხბურთში ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის უნდა იბრძოლო''

ევროშესარჩევის მეორე ტურში აზერბაიჯანის ახალგაზრდული ნაკრები ბაქოში საქართველოსთან 0:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი Azerisport-ს ესაუბრა.

- რამდენად ელოდით საქართველოს ნაკრების გამარჯვებას დიდი ანგარიშით?

- გულწრფელად გითხრათ არ ველოდი. ვნახე აზერბაიჯანისა და სლოვაკეთის შეხვედრა, სადაც აზერბაიჯანის ნაკრებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. აზერბაიჯანისა და საქართველოს დაპირისპირება სრულიად განსხვავებული გამოვიდა. გადამწყვეტი პირველი ტაიმის მიწურული აღმოჩნდა, როცა გოლი შევაგდეთ. მეორე ტაიმში მსაჯმა აზერბაიჯანელი ფეხბურთელი გააძევა, ამ მომენტამდე გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა.

- საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მიზანი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრაა?

- ფეხბურთში მიზნად მაქსიმალური შედეგის მიღწევა უნდა დაისახო და ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძოლო. ჩვენს ჯგუფში ასევე ასპარეზობენ საფრანგეთი და შვეიცარია. ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ერთ გუნდი გადის, პირველ ადგილზე გასვლა არ იქნება ადვილი, მაგრამ ყოველი შეხვედრა მნიშვნელოვანია. კმაყოფილები ვართ, რომ საწყის ორ ტურში ექვსი ქულა ავიღეთ.

- უახლოეს პერიოდში გეგმავთ ამხანაგური მატჩის გამართვას აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებთან?

- ერთა ლიგისა და ევროშესარჩევის მატჩების გამართვის პარალელურად ამხანაგური შეხვედრის გამართვა ძალიან რთულია. თუ ასეთი შანსი მოგვეცემა, სიამოვნებით ვითამაშებთ. ბაქოში ჩამოსვლა ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა, აზერბაიჯანის ფეხბურთის მმართველ ორგანოსთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.

- თუ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდება, გსურთ ბაქოში თამაში?

- მნიშვნელობა არ აქვს სად ვითამაშებთ. მთავარია ევრო 2020-ზე მოვხვდეთ. რა თქმა უნდა ბაქოში თამაშის შემთხვევაში თქვენ მხარს დაგვიჭერთ, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ თუ ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდება, მზად ვართ 500 კმ კი არა 10 000 კმ გავიაროთ.

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრები კავკასიაში საუკეთესოა?

- ასეთ შეფასებას ვერ გავაკეთებ. ახლახანს აზერბაიჯანის ნაკრებმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიასთან ფრედ ითამაშა. მეტოქის სიძლიერიდან გამომდინარე აზერბაიჯანის ნაკრები ხორვატიასთან კარგად თამაშობდა. დარწმუნებული ვარ აზერბაიჯანში გაუხარდებათ თუ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდება. ანალოგიურად, ჩვენ გვახარებს აზერბაიჯანელთა წარმატებები.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები