Assistmen - დე ბრუინისა და დეპაის რეკორდები
„ევრო 2020“-ის შესარჩევი ეტაპის გუშინდელ სათამაშო დღეს საგოლე გადაცემების ორი რეკორდი დამყარდა. ბელგიის ნაკრების ლიდერმა, კევინ დე ბრუინმა, შოტლანდიასთან 3 ასისტი მიითვალა, რაც მიმდინარე ციკლის არცერთ სხვა მატჩში არ მომხდარა.
დე ბრუინი ამით არ დაკმაყოფილებულა და 82-ე წუთზე მეტოქის კარში თავადაც გაიტანა. 28 წლის გამთამაშებელმა საკლუბო სეზონიც ბრწყინვალედ დაიწყო და პრემიერ ლიგის პირველ ოთხ ტურში გატანილ ერთ გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
3 - Kevin De Bruyne is the first player to assist three goals in the same game of the UEFA Euro 2020 qualifying. Exhibition. pic.twitter.com/3ycqVfzgOR
— OptaJose (@OptaJose) September 9, 2019
ასისტების დღე ჰქონდა მემფის დეპაისაც, რომელმაც ესტონეთთან გამართული მატჩისას ჯერ რაიან ბაბელს გაატანინა, შემდეგ კი ჯორჯინიო ვეინალდუმს. შედეგად, მემფისს „ნარინჯისფერთა“ რიგებში 17 ასისტი მოუგროვდა, რაც 2010 წლის შემდეგ ათვლილი მონაცემებით, ჰოლანდიის ნაკრებში სარეკორდო მაჩვენებელია.
დეპაიმ უესლი სნეიდერს 1 საგოლე პასით გადაასწრო, მე-3 ადგილზე კი 15 ასისტით არიენ რობენია. ორივე ამ ფეხბურთელს კარიერა დასრულებული აქვს, შესაბამისად, მემფისს უპირატესობის კიდევ უფრო გაზრდისთვის ყველანაირი პირობა აქვს.
17 - @Memphis assisted 17 goals for the Netherlands this decade, more than any other player. Delivery. pic.twitter.com/YQnWa8WmLB
— OptaJohan (@OptaJohan) September 9, 2019
აღსანიშნავია, რომ უშუალოდ მიმდინარე წელს დეპაიმ ნაკრებში უკვე 7 საგოლე პასი შეასრულა, ეს კი ერთი კალენდარული წლის მიხედვით, რეკორდის გამეორებაა. 2010 წელს ანალოგიური შედეგი რაფაელ ვან დერ ვაარტმა დააფიქსირა.
ჰოლანდიის ნაკრებს წელს კიდევ 4 მატჩში აქვს გასამართი, ასე რომ, მემფისს ვან დერ ვაარტის გადასწრების რეალური შანსი აქვს. „ნარინჯისფრები“ 2-ჯერ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან ითამაშებენ, ასევე ბელარუსსა და ესტონეთს შეხვდებიან.