„ბარსელონასა“ და „რეალის“ სატრანსფერო ომები
Aa
Aa

„ბარსელონასა“ და „რეალის“ სატრანსფერო ომები

ნეიმარის საკუთარ რიგებში ხილვა "ბარსელონასა" და "რეალს" სურთ. ბრაზილიელი სუპერვარსკლავის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის და ჯერჯერობით უცნობია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი რას გადაწყვეტს. 

დაპირისპირება, რომელიც ესპანური ფეხბურთის ფლაგმანებს შორის წარმოიშვა, არც პირველია და არც უკანასკნელი. სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას "ბლაუგრანა" და "ბლანკოსი" ერთმანეთს არაერთხელ შეერკინენ. 

ნეიმარი - პირველი ომი

2011 წელს „ნეიმ“ „სამეფო კლუბში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნეიმარი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 2012 წლის ოლიმპიადის შემდეგ გადავიდოდა. „ბლაუგრანა“ საქმეში სწორედ ამ დროს ჩაერთო და ბრაზილიელის გადარწმუნება მოახერხა. რამდენიმე წლის შემდეგ კი „ბარსა“ და „რეალი“ ნეიმარის გამო, კვლავ იბრძვიან.

ბექჰემი - ლაპორტას დაპირება

2003 წლის ზაფხულში დევიდ ბექჰემის გადასაბირებლად დიდი ბრძოლა იყო გაჩაღებული. „ბლაუგრანას“ ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ხოან ლაპორტა პირობა დადო, რომ ინგლისელ ფეხბურთელს გაიფორმებდა. „ბექსის“ შეძენით „სამეფო კლუბიც“ გახლდათ დაინტერესებული და საბოლოოდ „ბლანკოსმა“ მოსისხლე მტერს აჯობა. „ბარსა“ იძულებული გახდა სათადარიგო გეგმისთვის მიემართა და ბექსის ნაცვლად რონალდინიოს შეუთანხმდა.

კარამბო - ფრანგული საპნის ოპერა

კარამბოს საპნის ოპერა ალბათ ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივარს კარგად ახსოვს. ფრანგი მოთამაშე ორივე გუნდის წარმომადგენლებს შეხვდა. კლუბების ინტერესის შესახებ კი უცხოურ პრესაში ყოველდღიურად წერდნენ და თან საკმაოდ ბევრს. საბოლოოდ კარამბომ არჩევანი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შეაჩერა და „რეალის“ მაშინდელი პრეზიდენტის, ლორენცო სანსის წინადადებას დათანხმდა.

სებალიოსი - 2017 წლის ზაფხული

2017 წლის ზაფხულში პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, რომ სებალიოსი „ბეტისს“ დატოვებდა. ანდალუსიელის დაყოლიებას „რეალი“ და „ბარსა“ ცდილობდნენ. კატალონიელთა მცდელობის მიუხედავად ესპანელმა ფეხბურთელმა კარიერა მადრიდში გააგრძელა.

დავიდ ვილა - ბრძოლა, რომელიც რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა

2009 წელს ვილას გაფორმებას„რეალი“ და „ბარსელონა“ ცდილობდნენ. „სამეფო კლუბმა“ ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწია, რაც ესპანელმა მოგვიანებით თავადაც დაადასტურა, თუმცა 2010-11 წლების სეზონში იგი „ბლაუგრანას“ დათანხმდა და „კამპ ნოუს“ ბინადრებს შეუერთდა.

ასენსიო - რეალმა ბარსას შეცდომით ისარგებლა

2014 წლის ზაფხულში „ბარსელონა“ ასენსიოს ტრანსფერთან ახლოს იყო, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. „ბლაუგანასა“ და „მალიორკას“ შორის ძირითადი დეტალები შეთანხმებული გახლდათ, თუმცა ბოლო მომენტში ეკონომიკური საკითხების გამო, კატალონიურმა გრანდმა უკან დაიხია. სწორედ ამ დროს საქმეში „ბლანკოსი“ ჩაერთო და პერსპექტიულ ახალგაზრდასთან 6 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სხვა ფეხბურთელები - ანდრე გომესი, დანი ალვეში...

დანილო, ანდრე გომესი, ვინიციუსი და დანი ალვეში. ნეიმარი პირველი არაა, ვის გამოც „ბარსა“ და „რეალი“ ერთმანეთს შეერკინენ და დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრაზილიელი არც უკანასკნელი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები