''ლაციოს'' ყოფილმა კაპიტანმა ებრალიძე რუმინულ კლუბში მიიწვია
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთი ავთო ებრალიძე კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. CrystalSport-ის ცნობით 27 წლის ფეხბურთელმა ''ვოლუნტარისთან'' ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
''ვოლუნტარის'' გენერალური მენეჯერი ლეგენდარული რუმინელი ფეხბურთელი იოან ანდონეა, ხოლო მთავარი მწვრთნელის პოსტს იტალიელი კრისტიანო ბერგოდი იკავებს, რომელიც 2012-13 წლებში სერია ა-ს ''პესკარას'' წვრთნიდა. ბერგოდის ფორმაციის ''პესკარაში'' საქართველოს ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის შვილი, ვლადიმირ ვაისი ასპარეზობდა. ბერგოდი ''პესკარას'' გარდა ''მოდენასა'' და ''ბრეშას'' ხელმძღვანელობდა.
ბერგოდი 1989-96 წლებში რომის ''ლაციოს'' ღირსებას იცავდა და გუნდის კაპიტანიც იყო.
რუმინეთის ჩემპიონატის გასულ ტურში ''ვოლუნტარიმ'' სტუმრად ბუქარესტის ''სტიაუა'' 3:1 დაამარცხა. გამარჯვებულთაგან ერთი გოლი რიკარდინიომ გაიტანა, რომელიც ებრალიძესთან ერთად ''ჟილ ვისენტეში'' ასპარეზობდა.
რაც შეეხება ებრალიძეს, მან მთელი პროფესიული კარიერა პორტუგალიაში გაატარა. ფეხბურთელისთვის ''ვოლუნტარი'' პირველი არაპორტუგალიური კლუბია. ქართველმა გარემარბმა გასული სეზონი პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბებში ''შავეშსა'' და ''ნასიონალში'' გაატარა. მას ასევე უთამაშია ''ჟილ ვისენტესა'' და ''ვიზეუში.''
#CrystalSport: Free agent Avto Ebralidze agrees one-year contract with #FCVoluntari pic.twitter.com/XXGsAsN3Oo
— Dima Shariqadze (@shariqadzedima) August 12, 2019
საერთო ჯამში პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში 54 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში მის ანგარიშზე 130 შეხვედრაში გატანილი 15 გოლი და 20 საგოლე პასია.
ებრალიძემ თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 3 მატჩი ჩაატარა, მათ შორის ერთი შეხვედრა მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთთან.