მე-3 მალდინი
Aa
Aa

მე-3 მალდინი "მილანში" - რა გზა გაიარა და ვინ არის 17 წლის დანიელ მალდინი?

დანიელ მალდინიმ „მილანის“ შავ-წითელი მაისური „ბაიერნის“ წინააღმდეგ პირველად მოირგო და საკუთარი საგვარეულოს მე-3 წარმომადგენელი გახდა, რომელმაც „როსონერის“ ძირითად გუნდში ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ დანიელის დებიუტი მისი მამის, პაოლოს, პირველი მატჩიდან 34 წლის შემდეგ შედგა. ამ ორ მალდინიმდე კი ლომბარდიელთა ღირსებას, 12 სეზონის განმავლობაში, ჩეზარე იცავდა, რომელიც პირველი კაპიტანი მალდინი იყო.

მამა-ბაბუისგან განსხვავებით, რომლებიც მცველები იყვნენ, დანიელი შემტევი ნახევარმცველია და სისწრაფით, ფინტებითა და სხვადასხვა ტექნიკური ილეთებით, მცველებს პრობლემებს თავად უქმნის. 

უმცროსმა მალდინიმ, რომელიც 2001 წლის 11 ოქტომბერს დაიბადა, იტალიური გამოცემების ყურადღება რამდენიმე თვის წინ, კონკრეტულად - თებერვალში მიიპყრო, როცა „მილანის“ პრიმავერაში თამაშისას „ჯენოას“ გაუტანა, ტრიბუნაზე მყოფი კმაყოფილი პაოლო მალდინი დაფიქსირება კი კამერებს არ გამორჩენიათ, კადრებმა ინტერნეტსივრცე მოიარა და პრესისთვის ერთ-ერთ მთავარ ჰედლაინად იქცა.


 

დანიელი გასულ სეზონში, „შავ-წითელთა“ პრიმავერას 10-ნომრიანი მაისურით თამაშობდა და გუნდის ლიდერად ითვლებოდა - 23 მატჩში 8 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.  მან მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე 58 წუთი გაატარა, შემდეგ კი ადგილი პრიმავერას ყოფილ კაპიტან პატრიკ კუტრონეს დაუთმო.  სიმბოლურია, რომ დანიელ მალდინი მის სადებიუტო მატჩში სწორედ კუტრონემ შეცვალა. იმ კუტრონემ, რომელმაც "მილანის" 63-ნომრიანი მაისური ბარეზისა და პაოლო მალდინის პატივისცემის ნიშნად აიღო. როგორც ბარეზის 6-ნომრიანი მაისური, ასევე მალდინის მე-3 ნომერი, "როსონერის" ხმარებიდან ამოღებული აქვს, "კუტრომ" კი ისინი გააერთიანა და 63 ნომერი ჩაიცვა.

ჩატარებულ 58 წუთში დანიელმა ერთი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, რამდენიმე ეპიზოდში კი ის ნიჭიც გამოავლინა, რომლის გამოც მთავარ გუნდში 17 წლის ასაკში მოხვდა. გთავაზობთ დანიელ მალდინის საუკეთესო მომენტებს მის სადებიუტო მატჩში.

  

გავიხსენოთ დანიელის პაპა და მამა, რომელთა გამოც მას პრივილეგიაც აქვს და უფრო მეტად - წნეხი, რადგან ურთულესია, ასეთი მასშტაბის ფიგურების ოჯახის წევრი მათი ჩრდილიდან გამოხვიდე და ჩეზარეს შვილიშვილად და პაოლოს შვილად აღარ მოგიხსენიონ.

როგორც უკვე ვთქვით, ჩეზარემ მილანელთა რიგებში 12 სეზონი გაატარა და კლუბთან ერთად 4-ჯერ სერია A და ერთხელ ჩემპიონთა თასი მოიგო, ჯამში კი 400-ზე მეტი შეხვედრა გამართა. იგი 1963 წელს იმ „მილანს“ კაპიტნობდა, რომელმაც ჩემპიონთა თასის ფინალში ეუსებიოს „ბენფიკა“ დაამარცხა და ევროტურნირის მომგები პირველი იტალიური კლუბი გახდა.

  

მოგვიანებით, 1970-1972 წლებში „როსონერის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად, 1972-1974 წლებში კი მთავარ მწვრთნელად მუშაობდა და გუნდს უეფა-ს თასების მფლობელთა თასი მოაგებინა. 2001 წელს პოსტის დაკავება ალბერტო ძაკერონის გათავისუფლების შემდეგ მარტში მოუწია და „როსონერის“ 2000-2001 წლების სეზონი ჩაამთავრებინა. მაშინ ლომბარდიელთა კაპიტანი მისი ვაჟი - პაოლო იყო. ჩეზარემ რამდენიმე წელი „მილანის“ სკაუტის თანამდებობაზეც იმუშავა.

„მჯერა, რომ ის მოედანსა და მის გარეთ ნამდვილი ჩემპიონი იყო. ხალხს ყველაზე მეტად შენი თვისებები და ღირებულებები ამახსოვრდება, შეიძლება ტიტული მოიგო, მაგრამ მთავარი ღირსებაა, მას კი ეს მომადლებულად ჰქონდა და მუდამ ხალხის გულში იქნება“. - ფრანკო ბარეზი - ჩეზარე მალდინის შესახებ.

რაც შეეხება ჩეზარე მალდინის სამწვრთნელო მოღვაწეობის მთავარ და ყველაზე წარმატებულ მონაკვეთს, ის იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებს უკავშირდება. ჩეზარემ „აძურინის“ ბრწყინვალე თაობებს 1992; 1994 და 1996 წლებში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი ზედიზედ 3-ჯერ მოაგებინა.

 

დანიელის მამას კი წარდგენა საერთოდ არ სჭირდება, მის შესახებ სერია A-ს ოფიციალური არხის მიერ მომზადებულ ქართულად გახმოვანებულ ჩანახატს შემოგთავაზებთ.


 

17 წლის დანიელისთვის "შავ-წითელთა" ძირითად გუნდში თამაში სერიოზული გამოწვევაცაა და წნეხიც. ის დიდი ოჯახის წარმომადგენელია და მის თითოეულ ქმედებას ყველა განსაკუთრებულად დააკვირდება. გადავხედოთ, როგორ თამაშობდა პატარა მალდინი პრიმავერას რიგებში.


 

ასე რომ, ისღა დაგვრჩენია ამ თინეიჯერი ტალანტის მომდევნო ნაბიჯებს დაველოდოთ. ასევე დაველოდოთ კითხვაზე პასუხს - დანიელ მალდინი ჩეზარე მალდინის შვილიშვილად და პაოლოს შვილად დარჩება თუ უბრალოდ დანიელ მალდინი გახდება?..

ირაკლი ფოფხაძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები