Aa
Aa

ზეედორფი და კლუივერტი კამერუნის ნაკრებიდან დაითხოვეს

კლარენს ზეედორფი კამერუნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება აფრიკის ეროვნებათა თასზე წარუმატებელი გამოსვლის გამო მიიღო.

კამერუნის ნაკრებმა ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე 1 მატჩი მოიგო და 2 ფრედ დაასრულა, 1/8 ფინალში კი ნიგერიის ბარიერი ვერ გადალახა და გათამაშებას დაემშვიდობა.

ზეედორფთან ერთად სამსახური პატრიკ კლუივერტმაც დაკარგა, რომელიც დანიშვნის დღიდან კლარენსის ასისტენტის ფუნქციას ასრულებდა.

ხსენებული დუეტი კამერუნის ნაკრებს გასული წლის აგვისტოდან მოყოლებული წვრთნიდა და ჯამში გამართული 13 მატჩიდან 4 მოაგებინა, 5-ჯერ გუნდმა ფრედ ითამაშა, ხოლო 4-ჯერ - დამარცხდა.

კლარენს ზეედორფი მწვრთნელის რანგში „მილანში“, ჩინურ „შენჟენსა“ და ლა კორუნიის „დეპორტივოში“ ვიხილეთ, კლუივერტი კი სხვადასხვა დროსა და გუნდებში ასისტენტის როლს ირგებდა, 2016-2017 წლებში კი საერთოდ პსჟ-ს სპორტული დირექტორი გახლდათ.

კამერუნის ნაკრები ჯერ კიდევ აფრიკის ეროვნებათა თასის მოქმედი ჩემპიონია, ახალი გამარჯვებული კი 19 ივლისს მას შემდეგ გვეცოდინება, რაც ფინალურ შეხვედრაში სენეგალი და ალჟირი დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები