ხოჭოლავას წასვლა სურს:ფრანგული კლუბი ტრანსფერზე მუშაობს
Aa
Aa
12 ივლისი 2019  |  11:29

ხოჭოლავას წასვლა სურს:ფრანგული კლუბი ტრანსფერზე მუშაობს

CrystalSport-ის ცნობით საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ შესაძლოა კარიერა საფრანგეთის ლიგა 1-ში გააგრძელოს. ამ ეტაპზე ფეხბურთელის კლუბი დონეცკის ''შახტარი'' და ''ტულუზა'' მოლაპარაკებას აწარმოებენ. შეთანხმების შემთხვევაში რეალური შანსია უკრაინული გუნდის ქართველი მოთამაშე საფრანგეთის ჩემპიონატში ვიხილოთ, რადგან ხოჭოლავას ''შახტარის'' დატოვება და კარიერის დასავლეთ ევროპაში გაგრძელება სურს.

Transfermarkt-ის მონაცემებით ხოჭოლავას სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონ ევროს შეადგენს.

''ტულუზას'' მთავარი მწვრთნელი ალენ კაზანოვაა. გასულ სეზონში კლუბმა ლიგა 1-ში მე-16 ადგილი დაიკავა. ქართველ ფეხბურთელთაგან საფრანგეთის ჩემპიონატში ჯაბა კანკავასა და გია გურულს უთამაშიათ.

გასულ წელს ხოჭოლავას გადაბირება ბელგიურ ''ბრიუგეს'' სურდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა.

26 წლის ხოჭოლავა 2015 წლიდან უკრაინის ჩემპიონატში ასპარეზობს. ოდესის ''ჩერნომორეცში'' წარმატებული გამოსვლის შემდეგ 2017 წლიდან დონეცკის ''შახტარის'' ღირსებას იცავს. უძლიერეს უკრაინულ კლუბთან ერთად ორჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი. აღსანიშნავია, რომ განვლილ ორ სეზონში ხოჭოლავამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა და საერთო ჯამში 7 მატჩი ჩაატარა.

ხოჭოლავას ასევე უთამაშია რუსთავის ''მეტალურგში,'' თბილისის ''დინამოში,'' ფოთის ''კოლხეთსა'' და ქობულეთის ''შუქურაში.'' უკრაინაში კარიერის გაგრძელებამდე ქობულეთური კლუბის ფეხბურთელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები