სხირტლაძე სკოვზე და ახალ გუნდზე::''მსურს ვითამაშო ისე შთამბეჭდავად, როგორც ზარანდიამ''
Aa
Aa

სხირტლაძე სკოვზე და ახალ გუნდზე::''მსურს ვითამაშო ისე შთამბეჭდავად, როგორც ზარანდიამ''

26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა დავით სხირტლაძემ ლატვიური ''რიგა'' დატოვა და კარიერა პოლონურ გდინიას ''არკას'' დაუკავშირა. ამპლუით ნახევარმცველმა, რომელმაც ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 4 მატჩი ჩაატარა, გასულ წელს ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სლოვაკური ''სპარტაკის'' მაისურით ითამაშა. გასულ ზამთარში ''სპარტაკი'' დატოვა, თუმცა ლატვიის ჩემპიონ ''რიგაში'' გატარებული ნახევარი სეზონი ძალიან წარუმატებელი გამოვიდა.

დანიის ჩემპიონატში თამაშის ნოსტალგიის მიუხედავად ''არკაში'' გადასვლას სწორ ნაბიჯად თვლის. მისი განწყობა ოპტიმისტურია და ფიქრობს, რომ კარიერის საუკეთესო წლები წინ აქვს.სხირტლაძე CrystalSport-ს ლატვიაში გატარებულ რთულ პერიოდსა და სხვა თემებზე ესაუბრა. 

-2017-18 წლებში ''სილკებორგში'' საკმაოდ შედეგიანი სეზონი გქონდა, მაგრამ შემდეგ სლოვაკეთში რეგულარულად არ გიწევდა თამაში. გქონდა უკეთესი ვარიანტი თუ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის გამო გადაწყვიტე  სლოვაკურ ''სპარტაკში'' გადასვლა?

- უკეთესი ვარიანტები მქონდა, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა პიტერ სორენსენმა არ გამიშვა, კონტრაქტის მიხედვით გამოსასყიდი თანხა 2 მილიონ ევროს შეადგენდა, სორენსენმა ეს თანხა მოითხოვა. ამის გამო თავიდანვე ჩაიშალა მოლაპარაკებები. პიტერის გუნდიდან წასვლის შემდეგ ყველაზე რეალური წინადადება სლოვაკური ''სპარტაკიდან'' მივიღე და სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს, ბოლო 48 საათში კონტრაქტი გავაფორმე.

- პოლონური მედიის ცნობით ''არკამ'' ლუკა ზარანდია მილიონ ევროდ''ზულტე ვარეგემში'' გაყიდა. ასაკიდან გამომდინარე რამდენად რეალურად მიგაჩნია, რომ შენც ზარანდიას გზა გაიარო და შენი შემდეგი ტრანსფერი სარფიანი გამოვიდეს? 

- ლუკამ ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. მან ''არკასთან'' ერთად ტიტულები მოიგო, პოლონეთის თასი და სუპერთასი. მსურს ვითამაშო ისე შთამბეჭდავად, როგორც ლუკა ზარანდიამ. ლუკაზე უფროსი ვარ, თუმცა ვთვლი, რომ საუკეთესო წლები წინ მაქვს.

- გასულ სეზონში ''სილკებორგს'' მეორე ლიგაში რომ გაყოლოდი, ახალ სეზონში კვლავ სუპერლიგაში ითამაშებდი და ქომაგების მხრიდან კიდევ უფრო დიდ სიყვარულს დაიმსახურებდი, გუნდს მეორეჯერ დაეხმარებოდი სუპერლიგაში დაბრუნებაში. ამ გადმოსახედიდან რა სჯობდა დარჩენა თუ წასვლა? დანიის სუპერლიგაში თამაშის ნოსტალგია გაქვს? 

- ვთვლი, რომ ''სილკებორგიდან''  და ზოგადად დანიიდან წასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. გარკვეულწილად დანიაში თამაშის ნოსტალგია მაქვს, თუმცა მაშინაც და ახლაც ერთ აზრზე ვრჩები, გუნდის და ჩემპიონატის შეცვლის დრო იყო. დანიაში ძალიან დიდხანს ვითამაშე, რეალურად მხოლოდ ერთ ჩემპიონატში თამაშის გამოცდილება მქონდა. ჯერ სლოვაკეთში, ახლა კი პოლონეთში თამაშით სხვა სახის გამოცდილებას მივიღებ. საერთო ჯამში როგორც ფეხბურთელი ბევრად გავიზრდები.

 

 - გასულ ზამთარში, მას შემდეგ რაც კარიერა ლატვიურ ''რიგაში'' გააგრძელე, ჩრდილში მოექეცი, ფაქტიურად ნახევარი სეზონი გაგიცდა. მწვრთნელთან საერთო ენის გამონახვა ვერ მოახერხე?

- მიუხედავად იმისა, რომ ''რიგა'' ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს და შესაძლოა გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს, ლატვიურ კლუბში გადასვლა ყველანაირად უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. ზამთარში დიდი არჩევანი არ მქონდა, რადგან მხოლოდ იმ ჩემპიონატში უნდა მეთამაშა, სადაც ჩემპიონატი გაზაფხული-შემოდგომის სისტემით ტარდება. ''არკა'' ზამთარშიც მიწვევდა, მაგრამ ფეხბურთელს ერთ სეზონში მხოლოდ ორ გუნდში თამაშის უფლება აქვს.

''რიგაში'' გადასვლისას მთავარი მწვრთნელი პორტუგალიელი ლუიშ პიმენტა იყო, რომლის სათამაშო სქემაში იდეალურად ვჯდებოდი, თუმცა შემდეგ პიმენტა წავიდა და ბელარუსი მწვრთნელი ოლეგ კუბარევი მოვიდა, რომელმაც რეალურად არ იცოდა რა უნდოდა. შემდეგ კიდევ ერთი სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა, ახალი მთავარი მწვრთნელი ასაკობრივი გუნდიდან დააწინაურეს. როცა ოთხ თვეში სამ მწვრთნელთან გიწევს მუშაობა, საერთო ენის გამონახვას ვერ მოასწრებ. სპორტულ დირექტორს თავიდან სურდა ჩემთან თანამშრომლობა, თუმცა შემდეგ აზრი შეიცვალა. ისე მოხდა, რომ ''რიგაში'' გვერდით გამწიეს.

- ''ორჰუსსა'' და ''სილკებორგში'' პიტერ სორენსენთან მუშაობდი. გასულ სეზონში მან აუტსაიდერი ''ჰობრო'' სუპერლიგაში დატოვა. სორენსენისგან მიიღე წინადადება?

- პიტერს კვლავ სურდა ჩემთან მუშაობა, ოფიციალური შეთავაზებაც მივიღე, მაგრამ ''ჰობრო'' ისეთი გუნდია, რომელიც ფინანსური სიძლიერით ვერ გამოირჩევა და დიდი ამბიციებიც არ აქვს. ჩემი აგენტი გუგა კაჭახიძე პიტერ სორენსენს ესაუბრა, თუმცა მოლაპარაკება არ გაგრძელებულა, იქ გადასვლა აღარ გამოდიოდა. დანიაზე მეტად პოლონეთში მსურდა თამაში, რადგან სხვა გამოცდილებაა, სხვა ჩემპიონატია, მსურს ჩემი თავი სხვა ჩემპიონატში გამოვცადო. 

- გასულ სეზონში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ''სპარტაკის'' შემადგენლობაში საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდი. ''არკას'' მწვრთნელი რომელ პოზიციაზე განიხილავს შენს თამაშს?

-  მათ სჭირდებოდათ ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მეტოქის ნახევარზე ბურთის შენარჩუნებას შეძლებდა. მწვრთნელი იაცეკ ზელინსკი  უპირველესად გამთამაშებლის პოზიციაზე მხედავს, თუმცა ასევე მითხრა, რომ ჩემი თამაში ევროპა ლიგაზე ''ფენერბახჩესთან'' ნახა, როცა საყრდენზე ვითამაშე. მითხრა, რომ ძალიან მოეწონა ჩემი სტილი. საყრდენის გარდა შესაძლოა ზოგჯერ ცრუ ცხრიანზეც მომიწიოს თამაში, თუმცა უპირველესად გამთამაშებლის პოზიციაზე განმიხილავს.

- ''სილკებორგში'' რობერტ სკოვთან ერთად თამაშობდი,  რომელმაც ''კოპენჰაგენში'' შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, 29 გოლით დანიის სუპერლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. როგორ ფიქრობ შეძლებს დოლბერგის ან ერიქსენის დონის მოთამაშე გახდეს?

- სკოვთან ერთად ორწელიწადნახევარი გავატარე, ძალიან შრომისმოყვარე და ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია.მისი თამაშის ნახვისას იტყვი, რომ უძლიერესი დარტყმა აქვს. მას ევროპის საუკეთესო ლიგებისკენ ყველა კარი ღია აქვს, მაგრამ მე როგორც ვიცი, ფიქრობს, რომ ''კოპენჰაგენში'' კიდევ ერთი სეზონი დარჩეს, რადგან ''სილკებორგში'' ყოფნის დროსაც საკმაოდ ძლიერი გერმანული გუნდებიდან შეთავაზებები ჰქონდა და უარი თქვა, რადგან ფიქრობდა და ამბობდა, რომ არ იყო ბუნდესლიგაში სათამაშოდ მზად, მაგრამ დანიაში აჩვენა, რომ ყველანაირი გამოწვევისთვის მზადაა. ნაბიჯს გადადგამს, როცა ფსიქოლოგიურად მზად იქნება. შემდეგ სეზონში იგივე შედეგის გამეორების შემთხვევაში ბევრად ძლიერი გუნდები მიიწვევენ.

- როგორ ფიქრობ ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში VAR-ის არსებობის შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს დანიიდან ქულის წამოღება შეეძლო?

- არ ვიცი რა მოხდებოდა. ძალიან რთულია საუბარი, საბოლოო ჯამში ხომ 5:1 დამთავრდა. მსაჯები უშვებენ შეცდომებს და ვიჩაგრებით, მაგრამ მსაჯობაზე ფიქრს სჯობს  ვიფიქრობთ როგორ მოვუმატოთ. რა თქმა უნდა საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსიასთან სათამაშოდ მზად იქნება. დარწმუნებული ვარ ამ მატჩში წარმატებას მივაღწევთ.

- ''არკაში'' როგორ  მიდის ადაპტაციის პროცესი ?

- ლუკა ზარანდიას წყალობით ყველა ძალიან დადებითად მხვდება. პრეზენტაციისას გულშემატკივრები ძალიან დადებითად შემხვდნენ.მათ იციან რომ ქართველი ვარ და მათთვის საქართველო ზარანდიასთან ასოცირდება, რაც ერთი მხრივ ძალიან მაგარია, რომ ხელგაშლილები შემხვდნენ და მეორე მხრივ რთულია, რადგან ლუკამ ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა და რა თქმა უნდა ჩემგანაც იგივეს ელიან. ვეცდები ქომაგებს იმედები არ გავუცრუო. მწვრთნელები და ახალი თანაგუნდელები ძალიან მეგობრულად და თბილად შემხვდნენ.

- ახალ სეზონში ''არკას'' ხელმძღვანელები რას ისახავენ მიზნად?

-  უპირველესი მიზანი არის ის, რომ არ აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, როგორშიც გასულ სეზონში, როცა სეზონის მიწურულს მოხერხდა ექსტრაკლასაში ადგილის შენარჩუნება. ასევე ვგეგმავთ საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვედრასა და პოლონეთის თასზე წარმატების მიღწევას. გვსურს 2016-17 წლის სეზონის შედეგი გავიმეოროთ და პოლონეთის თასი მოვიგოთ.

მოამზადა დიმა შარიქაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები