უცნაური ფინანსური გარიგება: აგენტი კვარაცხელიას ტრანსფერში 3 მილიონს მიიღებს
Aa
Aa

უცნაური ფინანსური გარიგება: აგენტი კვარაცხელიას ტრანსფერში 3 მილიონს მიიღებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის ''რუბინს'' შეუერთდა. ინფორმაციას რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

რუსული მედიის ცნობით მოსკოვის ''ლოკომოტივის'' დატოვების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია თავისუფალი აგენტია. 18 წლის ქართველი ფეხბურთელი მოსკოვურ კლუბში ''რუსთავიდან'' იყო განათხოვრებული. მის სანაცვლოდ ყაზანურ გუნდს სატრანსფერო თანხის გადახდა არ მოუწევს.

მიმდინარე ზაფხულში ''რუბინთან'' კონტრაქტი ზურიკო დავითაშვილმა და ბექა მიქელთაძემ გააფორმეს. ახალ სეზონში ''რუბინში'' სამ ახალგაზრდა ქართველ შემტევს ვიხილავთ.

კვარაცხელიასთან დაკავშირებით რუსულმა მედიამ გაავრცელა ის ფინანსური დეტალები, რის გამოც არ შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი მოსკოვურ გუნდში. Metaratings.ru-ს ცნობით ''რუბინში'' გადასვლით კვარაცხელია 500 000 ევროს ბონუსის სახით მიიღებს. ყაზანურ კლუბში კვარაცხელიას ყოველთვიური ხელფასი 30 000 ევრო იქნება, თუმცა კონტრაქტში ასევე ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვით ფეხბურთელის ხელფასი 50 000 ევრომდე გაიზრდება.

ძალიან უცნაურია ის ფაქტი, რომ რუსული მედიის ცნობით ამ ტრანსფერის განხორციელებისთვის კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი 3 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა მოგვიანებით ფეხბურთელის მამამ, ბადრი კვარაცხელიამ CrystalSport-თან საუბარში განაცხადა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით რუსულ მედიაში თანხებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. ინფორმაცია ასევე უარყო ხვიჩა კვარაცხელიამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები