ჯოშუას პრომოუტერი: „ფიური ცრუობს! ტაისონს უაილდერთან ბრძოლისთვის აღებული 7 მილიონი ქველმოქმედებისთვის არ დაუხარჯავს“
29 წლის ბრიტანელმა მოკრივემ, ტაისონ ფიურიმ, უაილდერთან ბრძოლის შემდეგ განაცხადა, რომ მიღებულ თანხას მთლიანად საქველმოქმედო მიზნებისთვის დახარჯავდა და ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებს დაეხმარებოდა.
მოგვიანებით ფიურის ჰკითხეს შეასრულა თუ არა პირობა, რაზეც ტაისონმა დადებითი პასუხი გასცა. მიუხედავად ამისა ედი ჰირნი, რომელიც ენტონი ჯოშუას პრომოუტერი გახლავთ, დარწმუნებულია, რომ ფიური ცრუობს და მას მსგავსი რამ არ გაუკეთებია.
ჰირნმა საკუთარი მოსაზრება IFL TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში დააფიქსირა: „ერთი მხრივ ტაისონი აცხადებს, რომ უაილდერთან ბრძოლის შემდეგ მიღებულ ჰონორარს საქველმოქმედო ფონდებს გადაურიცხა, თუმცა ყველამ იცის, რომ მსგავსი არაფერი გაუკეთებია. მეორე მხრივ იგი ძველ პერიოდს უბრუნდება და ნეგატიური განცხადებებით გამოდის. ასე ნამდვილად არ შეიძლება“.
„ფიური თავს გვაჩვენებს და ცდილობს მისაბაძი მაგალითი იყოს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ტაისონის კომენტარმა იმედი გამიცრუა, მაგრამ ვერაფერს ვიზამ. ფიური ასეთი ადამიანია“.