დურანტის ისტორიული გამოსვლა!
Aa
Aa

დურანტის ისტორიული გამოსვლა! "გოლდენ სტეიტმა" "კლიპერსი" გამოაგდო

გამთენიისას დასავლეთ კონფერენციაში მეორე რაუნდის კიდევ ერთი მონაწილის ვინაობა გახდა ცნობილი. "გოლდენ სტეიტმა" "კლიპერსს" სტუმრად დამაჯერებლად სძლია 110 - 129 და მომდევნო ეტაპის საგზური დაისაკუთრა.

NBA-ის მოქმედი ჩემპიონის წარმატებაში ლომის წვლილი კევინ დურანტს მიუძღვის. "კეიდიმ" საოცარი შეხვედრა ჩაატარა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ლოს-ანჯელესელებმა "დურანტულას" ვერაფერი დაუპირისპირეს და ოკლენდელთა მსუბუქმა ფორვარდმა აქტივში 50 ქულა ჩაიწერა. ამასთან ერთად "კეიდიმ" ჩარლზ ბარკლის რეკორდი გაიმეორა და პირველ ტაიმში 38 ქულა ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ დურანტი რიკ ბერის შემდეგ "გოლდენ სტეიტის" მაისურით მოასპარეზე პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც პლეიოფის მიჯრით ორ შეხვედრაში მინიმუმ 40 ქულა დააგროვა.

დურანტის გარდა დრეიმონდ გრინი გამოირჩა, რომელმაც სამმაგი დუბლი გაიფორმა - 16 ქულა, 14 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა. სტეფ კარი კი 24 ქულას დასჯერდა.

"კლიპერსის" რიგებში 29 ქულით საუკეთესო დანილო გალინარი იყო. მონტრეზლ ჰერელმა და ლუ უილიამსმა საშინლად იასპარეზეს და ჯამში 18 ქულა დააგროვეს.

დოკ რივერსის გუნდის ბარიერის დაძლევის შემდეგ სტივ კერის შეგირდებს ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ოკლენდელები პლეიოფის მეორე რაუნდში საუკეთესოს ვინაობას ჯეიმს ჰარდენის "ჰიუსტონის" წინააღმდეგ გაარკვევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები